თვალი შევავლოთ მომავალს
სერიალის „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ 1990 წელს პირველად გადაცემულ ეპიზოდში „მაღალი მიწა“, ხომალდ „ენტერპრაიზის“ ეკიპაჟის წევრს პლანეტა რუტია IV-ზე სეპარატისტები მძევლად აიყვანენ. გატაცებულის კოლეგები პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზებს ეძებენ და ერთ-ერთი მათგანი პარალელს დედამიწაზე რამდენიმე საუკუნით ადრე განვითარებულ კონფლიქტთან გაავლებს. იგი ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტს ახსენებს და აღნიშნავს, რომ ის საბოლოოდ „2024 წელს ირლანდიის გაერთიანებით“ გადაიჭრა.
2020 წლის გარიჟრაჟზე ბრექსითის „ტექტონიკური ძვრა“ ნიშნავს, რომ ირლანდიის ხელახალი გაერთიანება უკვე აღარ ეკუთვნის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს. 2019 წლის სექტემბრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ამომრჩეველთა მცირე უმრავლესობა ამას უჭერდა მხარს. იდეის მავანმა ფანმა ტვიტი გამოაცხო, სადაც ამბობდა: „ჩვენ კვლავაც ხელახალი გაერთიანების ვარსკვლავური გზის გრაფიკს მივდევთ“. ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში გაკეთებული სპეციფიკური პროგნოზის გასაოცარი შემთხვევაა. მიუხედავად საპირისპირო შეხედულებებისა, ასეთი პროგნოზები გამონაკლისია, რომლებიც ადასტურებს წესს. მხოლოდ იმიტომ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა მომავალს ეხება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ამოცანა პროგნოზირებაა. უფრო ხშირად, ის აწმყოს კომენტარია.
მე, აზიმოვი
2020 წელს, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ლეგენდა აიზეკ აზიმოვის დაბადების ასი წლისთავიც ემთხვევა, შეუძლია კი სამეცნიერო ფანტასტიკას მომავალზე მაინც გვიამბოს რაიმე? დროებით დაივიწყეთ უცხოპლანეტელები, კოსმოსური ხომალდები და აღმოაჩენთ, რომ თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის უმთავრესი თემებია ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა, ეკოლოგიური კოლაფსის საშიშროება, კორპორაციული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და იმპერიალიზმის მემკვიდრეობა. 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის შემდეგ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წარმომადგენლებმა თავიანთ ნაწერებში გენდერული პოლიტიკისადმი ცვალებადი დამოკიდებულები გამოიყენეს. მაგალითად, მომავალი საზოგადოების წარმოსახვა, სადაც გენდერი არარელევანტურია ან ადამიანები სქესს სურვილის მიხედვით იცვლიან. სადღეისოდ, კიდევ ერთი დინამიკური ნაკადია ჩინური სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც დახვეწილი ნონ-კონფორმიზმისათვის თავისუფალ სივრცეს ქმნის და დასავლელ მკითხველს ამ ქვეყნის იმედებსა და შიშებზე წარმოდგენას უქმნის. ყველა ამ შემთხვევაში, სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები ჟანრის მიერ ბოძებულ თავისუფლებას თანადროული პრობლემების გასაშუქებლად იყენებენ და შემდგომში მათ მომავალში, შორს გადასროლილ დასკვნებად აქცევენ.
ყველა ამ დასკვნას გარკვეული საპროგნოზო ღირებულება აქვს. ეს ნიშნავს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას სასარგებლო როლის თამაში შეუძლია, როგორც სამომავლო ტექნოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური ტრენდების სკანირების რადარისა. თუმცა იგი სასარგებლოა მხოლოდ ახლო და არა შორეული მომავლის პროგნოზირებაში, რომელსაც ასე ხშირად აღწერს ხოლმე. ეს იმ სამი გზიდან პირველია, რომლის მეშვეობითაც სამეცნიერო ფანტასტიკა მომავლისკენ მიგვიძღვის.
მეორე სასარგებლო თვისება ისაა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა თვალსაწიერის გაფართოებაში გვეხმარება, როცა მთავრობაშიც და ბიზნესშიც მომავლის გეგმებს ამუშავებენ. საფრანგეთის თავდაცვითი ინოვაციის სააგენტო სამეცნიერო ფანტასტთა „წითელ გუნდს“ ქნის ისეთი სცენარების წარმოსადგენად, რომლებიც სამხედროებს თავში არ მოუვათ. საინჟინრო ფირმა Arup-მა სამეცნიერო ფანტასტი ტიმ მოჰანი მოიწვია კლიმატის ცვლილებით მიღებული ყოველდღიური ცხოვრების ოთხი შესაძლო სცენარის დასამუშავებლად. ბესტსელერების − „ზვავისა“ და „კრიპტონომიკონის“ ავტორი ნილ სტივენსონი სარაკეტო დანადგარების სტარტაპ Blue Origin-სა და გაფართოებული რეალობის სათვალეების მწარმოებელ ფირმა Magic Leap-ში მრჩევლად მუშაობდა. ტექნოლოგიური სფეროს გიგანტები − Google-ი, Microsoft-ი და Apple-ი კონსულტანტებად ხანდახან სამეცნიერო ფანტასტებს ქირაობდნენ, „ფიქშენის დიზაინის“ პროცესის გამოყენებით.
მაგრამ ბოსებს სულაც არ სჭირდებათ სამეცნიერო ფანტასტების ქირაობა მათი ამოუწურავი ფანტაზიიდან სარგებლის გამოსადნობად. ამისთვის მათ წიგნების კითხვაც გამოადგებათ. რომანისტი ელიოტ პეპერი 2017 წელს Harvard Business Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავდა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ღირებულია იმდენად, რამდენადაც ის „სამყაროს ჩვენეულ პერსპექტივას სხვა ჩარჩოში აქცევს“. მისი აზრით, აუცილებელია ბიზნესლიდერებმა იკითხონ სამეცნიერო ფანტასტიკა, რადგანაც მოგონილი მომავლის კვლევა „ჩვენს აზროვნებას ხელოვნური შეზღუდვებისგან ათავისუფლებს“ და „გვაფიქრებს იმაზე, ვსვამთ თუ არა მართებულ კითხვებს“.
დაბოლოს: არსებობს მესამე, უფრო პირდაპირი გზა, რომლითაც სამეცნიერო ფანტასტიკა მომავალში გვახედებს. ის შთააგონებს ტექინდუსტრიის ხალხს, რომელთაც მართლა სურთ ასეთი მომავალი იხილონ. Motorola-ში მობილური ტელეფონის შექმნა მოტივირებული იყო „ვარსკვლავური გზების“ სახელურიანი, უმავთულო კომუნიკატორებით, ხოლო Amazon-ის ხმოვანი თანაშემწე Alexa – „ენტერპრაიზის“ მოლაპარაკე კომპიუტერით. Kindle-ის შთაგონების წყაროდ იქცა ელექტრონული წიგნის მოწყობილობა ბატონი სტივენსონის რომანიდან „ალმასის ხანა“. გარდა ამისა, მთელი ინდუსტრია ცდილობს რეალობად აქციოს რომან „ზვავში“ აღწერილი ვირტუალური სამყარო (იხილეთ 2020 წლის ხედვების განყოფილება). ელონ მასკის დაარსებული რაკეტების მწარმოებელი ფირმა SpaceX თავის რაკეტებს ხომალდ-დრონებზე ათავსებს, რომელთა სახელები იაიან ბენქსის „კულტურის“ რომანებიდანაა ნასესხები. ბატონი მასკის კიდევ ერთი სტარტაპი Neuralink-ი ქმნის „კომპიუტერი-ტვინების“ ინტერფეისებს, რომლებიც იმავე წიგნებში ნაპოვნი „ნერვული სონრების“ იმპლანტებითაა შთაგონებული. უეჭველია, ხვალინდელი დღის ტექტიტანები სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობენ.
ტომ სტენდეიჯი, რედაქტორის მოადგილე, მსოფლიო 2020 და The Economist