კორპორაციული რეალ-პოლიტიკა
როცა კორპორაციულ ბოსს პოლიტიკაზე საუბრის ცდუნება ეწვეოდა, მას დაუწერელი მტკიცე წესით უნდა ეხელმძღვანელა და დუმილი არ დაერღვია. ბოლო დროს ეს წესი დაივიწყეს და აღმასრულებელი დირექტორები ხშირად აფიქსირებენ პოზიციას უთანასწორობაზე, კულტურულ ომებსა და კლიმატის საკითხებზე. ჯერჯერობით მათ ეს იოლად გამოსდიოდათ, რადგანაც კაცობრიობის მომავალზე საკუთარი ხედვის წარმოდგენა ბევრად სახალისოა, ვიდრე გადასახადების, საპროცენტო გადასახდელებისა და ცვეთის გამოქვითვამდე მოგების მარჟების შესახებ პრეზენტაციების კეთება. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ასეთი „აქტივისტი“ აღმასრულებელი დირექტორები 3 პრობლემას წააწყდებიან, რომლებსაც პოლიტიკოსები კარგად იცნობენ. ესენია ფარისევლობა, რეცესიის რისკი და დესტაბილიზაციის მომტანი იდეოლოგიური ცვლილებები.
კორპორაციული ამერიკის დრეიფი პოლიტიკურად ნეიტრალური და პასიური პოზიციებიდან 2008-2009 წლის კრიზისის შემდეგ დაიწყო. ბანკებმა რაღაც სინანულის მაგვარიც კი გამოთქვეს. ფხიზელ მომხმარებელთა და დასაქმებულთა ახალი თაობა კრიზისის დროს გამოიზარდა. ზოგი მათგანი კულტურულ უსამართლობას განიცდიდა, სხვანი კაპიტალიზმსაც უტევდნენ. კლიმატის ცვლილება გადაუდებელ პრობლემად იქცა და ეკონომიკური ნაციონალიზმის მოძალების გამო, ბანკებს პატრიოტიზმის დემონსტრირება მოუხდათ.
ბისები ამ სიგნალებს გამოეპასუხნენ. JPMorgan Chase-ის ჯეიმი დაიმონი თითქოს თავისი აქციონერებისათვის განკუთვნილ 50-გვერდიან წერილებს აცხობს. ბოლო მათგანის, რომელიც განათლებას, სამხედრო შესყიდვებსა და მოთხოვნებს ეხება, სათაურია „აღმასრულებელო დირექტორებო, თქვენ ქვეყანას სჭირდებით!“ სილიკონ ველის ხელმძღვანელებს რადიკალიზებული უმცირესობის ქმედებასთან იუმორის მეშვეობით შეგუება უწევთ. ბოსები ხშირად იკვეხნიან, რომ მათი ფირმები ნახშირბადის ემისიასთან ბრძოლის ავანგარდში დგანან. 2017 წელს ბოსები თეთრ სახლში გამართულ სამიტებს ხალისით უერთდებოდნენ. 180-ზე მეტმა აღმასრულებელმა ოფიცერმა მოაწერა ხელი ბიზნესის „მრგვალი მაგიდის“ დეკლარაციას, რომლითაც არა მხოლოდ აქციონერთა მსახურების, არამედ მომხმარებელთა და მომუშავეთა ინტერესების დაცვის ვალდებულებაც იკისრეს.
ბიზნესის ხალხი იდეალიზმით, პატივმოყვარეობითა და გათვლილი პირადი ინტერესითაა მოტივირებული. საქმეს ისიც შველის, რომ აქამდე აღმასრულებელ დირექტორთა აქტივიზმი ხარჯებს არ უკავშირდებოდა. რომელიღაც პოლიტიკოსის მსგავსად, ზოგიერთი ბოსი ხალისით მიიწერს ხოლმე აღიარებას შედეგებისთვის, რომლებზეც დიდი გავლენა არ მოუხდენია. ბოსების უმეტესობა, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ჩემულობს, არ მართავს ფირმებს, რომლებიც კლიმატზე გავლენას ახდენენ. ავიღოთ 200 დასავლური ფირმა, რომელიც ემისიის ამსახველ ინფორმაციას აქვეყნებს. ამათგან 20 უდიდესი ემისიის 70%-ზეა პასუხისმგებელი, ხოლო დანარჩენი 180-ის ზეგავლენა უმნიშვნელოა (იხ. გრაიკი). პოლიტიკოსების მსგავსად, ზოგი აღმასრულებელი დირექტორიც იძლევა დაპირებებს, რომლებსაც აღარ ასრულებს. „მრგვალი მაგიდის“ მშრომელთა მდგომარეობით დაინტერესების მიუხედავად, აღმასრულებელთა ანაზღაურება იზრდება და არ ჩანს იმის ნიშნები, რომ დასაქმებულთა და აქციონერთა შორის მოგების ახლებურად განაწილებაზე სერიოზულად ფიქრობს ვინმე. 2020 წელს S&P 500-ის ინდექსის 8%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.
ამ დროისათვის აღმასრულებელ ოფიცერთა აქტივიზმის სამი ნეგატიური მხარეც გამოიკვეთება. პირველი მათგანი ფარისევლობაში ბრალდებაა და მისი დანახვა საკმაოდ ადვილია. Nike, რომელიც ღირსეული ბრენდირების პრაქტიკაში გატარებას ცდილობდა, დოპინგ-სკანდალში გაეხვა. ფონდების მენეჯერმა BlackRock-მა, რომელიც სხვა ფირმებს მეტი ინვესტირებისკენ უბიძგებს, ბოლო 12 თვის განმავლობაში თავისი ნაღდი ფულის ნაკადები აქტივების გამოსყიდვას მოახმარა. Visa, რომელმაც „მრგვალი მაგიდის“ მიერ შედგენილ კოლექტიურ წერილს ხელი მოაწერა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის ვალდებულება იკისრა, თავად წარმოადგენს გადახდის სისტემის ოლიგოპოლიის ნაწილს. თუ ბოსების სიტყვასა და საქმეს შორის განსხვავება მეტისმეტად აშკარა გახდება, დაზიანდება ფირმების რეპუტაცია, როგორც ეს Facebook-ის მარკ ცუკერბერგსაც მოეხსენება.
მეორე, თუ რეცესია დადგება, აქტივისტ აღმასრულებელ დირექტორებს გაუჭირდებათ დასაქმებულთა ინტერესებისა და აქციონერთა ქონების მართვის ვალდებულების ერთმანეთთან შეთავსება. ბოლო ორი დაღმასვლისას, ამერიკულმა ფირმებმა სახელფასო ხარჯები 6%-ით შეკვეცეს. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, მოგება 24%-ით ნაკლები იქნებოდა. ეს მოქნილობა ამერიკული კაპიტალიზმის საფირმო ნიშანია. კონფლიქტი ბიზნესის ლოგიკასა და პოლიტიკურ ყელყელაობას შორის უკვე ცხადია იმ ფირმებისათვის, რომლებიც ტექნოლოგიურ დარღვევას უმკლავდებიან. მაგალითად, „მრგვალი მაგიდის“ დეკლარაციის ცნობილი ხელმომწერი მერი ბარა General Motors-იდან 2019 წლის სექტემბერში იძულებული გახდა 46 000 გაფიცული დასაქმებულის პრეტენზიები მოესმინა. მათი უკმაყოფილების მიზეზი ქალბატონ ბარას მიერ GM-ის ელექტრომობილების წარმოებაზე გადაყვანის პროცესში ქარხნების დახურვა და უსამართლოდ დაბალი ანაზღაურება გახდა.
დაბოლოს, მესამე: კონგრესის ნებისმიერი წევრი გეტყვით, რომ იდეოლოგიური პოზიცია შეიძლება საკმაოდ სწრაფად შეიცვალოს. აღმასრულებელი დირექტორები იმედოვნებენ, რომ სოციალური და პოლიტიკური პრობლემატიკის გათვალისწინებით, უფრო რადიკალურად ნეგატიური სენტიმენტის განელებას შეძლებენ. კი, ბატონო, ოცნებას მათ ვერავინ აუკრძალავს. 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ბიზნესის მძაფრ კრიტიკას დაეთმობა, რომლის ნაწილი ლეგიტიმურიც იქნება. დემოკრატების წინადადებები მოიცავს მუშაკთა ჩართვას სამეთვალყურეო საბჭოებში, ჯანდაცვის ფირმების რეგულაციების გამკაცრებას და მონოპოლიებთან, განსაკუთრებით დიდ ტექნოლოგიურ ფირმებთან ბრძოლას.
არავითარი „უფასო“ დეკლარაცია არ არსებობს
2020 წლის ბოლოსთვის America Inc-ის ლიდერები გააცნობიერებენ, რომ პოლიტიკური ბაქიბუქი უფასო ლანჩი არაა. ბევრი მათგანი იღელვებს, რომ ეს სატყუარაა, რომელსაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვება. გონიერი ფირმები უფრო მარტივ ხედვას აირჩევენ. კერძოდ, წესების დადგენა მთავრობის საქმეა, ხოლო კომპანიების საქმე ამ წესების ფარგლებში მაქსიმალური ღირებულების შექმნა გახლავთ. ეს მომხმარებლების (მათ შორის, სოციალურად გათვითცნობიერებული მომხმარებლების) დაკმაყოფილებას, მომგებიან ინოვაციებში (მათ შორის, მწვანე ტექნოლოგიებში) ინვესტირებას და მუშაკთა მოზიდვას (ხანდახან მათთვის მეტის გადახდით) ნიშნავს. ეს მიტინგზე სიტყვით გამოსვლას სულაც არ ნიშნავს. ეს ისაა, რაშიც პოლიტიკოსებს ფულს (გაცილებით ნაკლებს) უხდიან.
პატრიკ ფულისი, ბიზნესის საკითხთა რედაქტორი, The Economist