ნახევრად ცარიელი ჭიქა

ვოლსტედის აქტის მიღებით, ამერიკაში ე.წ. „მშრალი კანონი“ შემოიღეს. ამ კანონით,  რომელიც 1920 წელს ამოქმედდა, ალკოჰოლის მოხმარება აიკრძალა. კანონი 14 წელი მოქმედებდა. ახლა, საუკუნის შემდეგ, ამ ღონისძიებას აღიქვამენ როგორც დასტურს იმისა (და ნამდვილად ასეა), რომ უკვე საყოველთაოდ გავრცელებული სასმელის აკრძალვა კარგი აზრი არ იყო. აკრძალვამ ორგანიზებულ დანაშაულს მისცა ბიძგი და მაფიის ბანდებს ბუტლეგერობით აურაცხელი სიმდიდრე აშოვნინა. აკრძალვის აღსრულება მოიკოჭლებდა, რადგანაც მას ხალხის მხარდაჭერა აკლდა. ერთ-ერთი შეფასებით, „მშრალი კანონის“ მოქმედებისას, ქალაქ ნიუ იორკში სულ მცირე 20 000 არალეგალური ბარი ­არსებობდა. როცა დენვერში პოლიცია ბარზე რეიდს ახორციელებდა, ხშირად იქ ჭიქით ხელში ადგილობრივ კონგრესმენს, მერსა და შერიფს ხედავდა. 

მაგრამ აკრძალვა კვლავაც არსებობს და არა მხოლოდ მუსლიმურ სამყაროში. ამერიკაში სადღეისოდ 500-მდე უპირატესად ევანგელისტური საგრაფოა, მათ შორის ვისკი Jack Daniel’s-ის მშობლიური ქალაქი ლინჩბერგი ტენესის შტატში (აქაური ჩამოსასხმელი ხაზის სტუმრებს სასმელის „სამახსოვრო“ ბოთლის შინ წაღებაც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, უმეტეს გეოგრაფიულ ერთეულებში მთავრობა მხოლოდ ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, დალიოს უფრო მცირე გადასახადების მეშვეობით ალკოჰოლის გაძვირების გზით და მისი გაყიდვისა და რეკლამირების შეზღუდვით. მართალია, ასეთი პოლიტიკა მუშაობს, მაგრამ სმა მაინც იკლებს, თუმცა სრულიად სხვა მიზეზით − ახალგაზრდებს შორის სოცალური ნორმები იცვლება, რომლებიც ალკოჰოლისთვის ახალ გარემოს ქმნის. 

 

რულიად არამსმელი ყმაწვილები

დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში თინეიჯერები სმას ბევრად გვიან იწყებენ, ვიდრე ეს ძველად იყო. ეს ალბათ ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ ისინი უფრო მეტად ონლაინ ახდენენ სოციალიზაციას, ვიდრე პიროვნულ ურთიერთობებში. მიზეზი შესაძლოა მშობლების უფრო პასუხისმგებლიანი მოქმედებაც იყოს. ისტორიულ პატერნებს თუ გავაანალიზებთ, სმის გვიან დაწყება ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ყმაწვილები ზრდასრულ ასაკში „მსუბუქი“ მსმელების თაობა იქნებიან. ახლა 20-იდან 40 წლამდე ასაკში მყოფი ე.წ. „მილენიალები“ ბევრად ნაკლებ ალკოჰოლს სვამენ. მათთვის ზომიერება უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია − ეს უკვე მეტწილად მეინსტრიმად აღიქმება, ვიდრე მოდად. 

სადღეისოდ, ალკოჰოლის მომხმარებლები უმეტესწილად საშუალო ასაკის ან უფრო ხანდაზმული ადამიანები არიან. ზოგ მდიდარ ქვეყანაში ისინი იმაზე მეტს სვამენ, ვიდრე წინა თაობები იმავე ასაკში. მცირე დოზებითაც კი, ალკოჰოლი კანცეროგენულია, მაგრამ ზოგმა ეს არც კი იცის. ამის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურები ალკოჰოლურ ნაწარმზე თამბაქოს ანტირეკლამის მსგავსი ინფორმაციის განთავსებაზე ბჭობენ. ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ კორეაში მოქმედებს ალკოჰოლის ბოთლებზე კიბოს გამაფრთხილებელი ანტირეკლამის განთავსების მოთხოვნა, ხოლო ირლანდიამ 2018 წელს მიიღო კანონი ასეთი გაფრთხილების შემოსაღებად, თუმცა ეს კანონი ჯერ არ მოქმედებს. 

ალკოჰოლის დიდი კომპანიები ცვლილებებს კარგად ხედავენ. ისინი უკვე აფართოებენ ალკოჰოლის დაბალი შემცველობის მქონე ლუდის, ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოებას. ამ სფეროებში ინოვაციები ბუმს განიცდის. მრავალი მათგანი ნამდვილი სასმელისგან გემოთი აღარც კი განირჩევა. მაგალითად, Heineken-ის თითქმის 50 ბრენდს უალკოჰოლო ვერსია აქვს. დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ასეთი ალტერნატივა კვლავაც სიახლეა, მაგრამ გაყიდვები სწრაფად იზრდება. ამ სიახლის პიონერებში − გერმანიასა და ნიდერლანდებში, ამ ტიპის ლუდზე მთელი გაყიდვების 10% მოდის. 

ამავე დროს, ალკოჰოლის ინდუსტრია თამბაქოს ინდუსტრიის ნაკვალევს მიყვება და ახალ მომხმარებლებს სხვაგანაც ეძებს. ალკოჰოლის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი უმეტესად აფრიკასა და აზიაშია (მათ შორის ჩინეთი არაა. აქ ალკოჰოლის გაყიდვის მაჩვენებლები მცირდება). 

ორიოდე თაობის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებში, შესაძლოა სმა დრომოჭმულად აღიქვან. მანამდე ალკოჰოლი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროდუქტიულობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დარჩება. ოფიციალური შეფასებებით, ალკოჰოლი ბრიტანეთის მშპ-ს 1.3-2.7%-ით ამცირებს. ღარიბ ქვეყნებში, ყოველი ლიტრი ალკოჰოლით მიყენებული ზარალი უფრო დიდია − სწორედ ისე, როგორც დასავლეთის ქვეყნებში უფრო დიდია მის მიერ ღარიბებისთვის, ვიდრე მდიდრებისთვის მიყენებული ზარალი. 

სმის მოთოკვისკენ მიმართული, მიწოდებაზე ორიენტირებული პოლიტიკა მაღალი გადასახადების სახით მთელი მსოფლიოს პარლამენტებსა და სასამართლოებში დიდ წინააღმდეგობას აწყდება, ვინაიდან ანტიალკოჰოლური ჯგუფები სასმელის ინდუსტრიის მიერ დაქირავებული ლობისტების ლეგიონების მეტოქეებად ნამდვილად არ გამოდგებიან. ეს დიდი ისტორიული ცვლილებაა, რადგანაც ამერიკული „მშრალი კანონი“ ამერიკის ანტისალონური ლიგის ინიციატივა იყო, რომელიც თავის დროზე ამერიკის ერთ-ერთ უმძლავრეს ლობისტურ ჯგუფს წარმოადგენდა. მას თავის დროზე მრავალი მდიდარი ადამიანიც უმაგრებდა ზურგს ჯონ როკფელერის, ჰენრი ფორდისა და ენდრიუ კარნეგის ჩათვლით. დღეისათვის, ალკოჰოლის შეზღუდვა ქველმოქმედთათვის საკმაოდ საჩოთირო საქმეა, რადგანაც მისი მოხმარება მდიდართა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მყარადაა დამკვიდრებული, თუმცა მათი შვილები და შვილიშვილები მეტი ენთუზიაზმით იქნებიან განწყობილნი სამყაროსადმი, სადაც ნაკლები ალკოჰოლია. 

სლავეა ჩანკოვა, ჯანდაცვის კორესპონდენტი, The Economist