„ახალგაზრდა მოხუცთა“ ათწლეული
2020 წელი დასაწყისი იქნება „ახალგაზრდა მოხუცთა“ დეკადისა. ამ კატეგორიაში იაპონიაში 65-75 წლის ხალხი მოიაზრება. მაღალი შობადობის პერიოდი, ეგრეთ წოდებული „ბეიბი ბუმის“ მწვერვალი მდიდარ ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე, 1955-1960 წლებზე მოდის. ამ დროიდან 65 წლის თავზე, 2020-2025 წლებში პენსიაზე გასვლის ტრადიციული ასაკი 65 წელია. ამის გამო, მომდევნო წლებში „ბეიბი ბუმერების“ პენსიაზე გასვლის პიკია მოსალოდნელი, მაგრამ ისინი პენსიაზე გასვლას სულაც არ აპირებენ. მუშაობის გაგრძელებითა და სოციალური აქტიურობით, ბუმერები ახალგაზრდა მოხუცთა რანგში მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეცვლიან, ისე, როგორც ეს ადრე თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გაუკეთებიათ.
„ახალგაზრდა მოხუცები“ უფრო ხალხმრავალი, ჯანმრთელი და მდიდარი კონტინგენტია ხანდაზმულთა წინა თაობებთან შედარებით. 2020 წელს მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები 65-74 წლის ასაკის 134 მილიონ მოქალაქეს (მოსახლეობის 11%) მოითვლიან 2000 წლის 99 მილიონთან (8%) შედარებით (იხ.დიაგრამა). ეს ყველაზე სწრაფად მზარდი ასაკობრივი ჯგუფია. ასაკთან ერთად, ჯანმრთელობაც უარესდება, მაგრამ „ახალგაზრდა მოხუცები“ სიბერეს სხვებზე უკეთ უმკლავდებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2000-2015 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობის 3.7 წლით ზრდა მდიდარ ქვეყნებში ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობის 3.2 წლით ზრდას უზრუნველყოფდა. „ახალგაზრდა მოხუცები“ სხვაზე მდიდრებიც არიან − 1989-2013 წლებში იმ ოჯახების სიმდიდრე, რომლის თავი 62 წლის ან უხნესი იყო, 40%-ით გაიზარდა და 210 000 ამერიკული დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ყველა სხვა ასაკობრივი ჯგუფის სიმდიდრე შემცირდა.
„ახალგაზრდა მოხუცები“ უფრო დაკავებულებიც არიან. 2016 წელს 65-69 წლის მოქალაქეთა მეხუთედზე ოდნავ მეტი თუ იყო დასაქმებული მდიდარ ქვეყნებში, თუმცა ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. დასაქმება იმ ფაქტორთაგან ერთ-ერთია, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. ერთ-ერთი გერმანული კვლევის მიხედვით, გამოვლინდა, რომ ადამიანები, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგაც რჩებიან სამუშაო ადგილზე, ახერხებენ შეანელონ ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური უნარების კლება და ინარჩუნებენ წლინახევრით უმცროსი ადამიანის უნარებს.
ჯერ გასავლელი კვლავაც ბევრი აქვთ
მოკლედ რომ ვთქვათ, ,„ახალგაზრდა მოხუცები“ ასაკოვანი ხალხის ჩვეულებრივი ჯგუფი არაა. მათ საეჭვოდ მიაჩნიათ ტრადიციული შეხედულებები, რომ პენსიონერები მხოლოდ პიჟამებში არიან გამოწყობილნი და შვილიშვილებს ზრდიან. ეს სამომხმარებლო, სერვისებისა და ფინანსების ბაზრებზე რღვევას გამოიწვევს.
60 წელზე უხნესი ადამიანები ავიახაზების ბიზნესის მომხმარებელთა ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია. ,,ახალგაზრდა მოხუცები“ ტურიზმის ინდუსტრიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რადგანაც ისინი უცხოეთში გატარებულ შვებულებაში ახალგაზრდებზე ბევრად მეტს ხარჯავენ. ისინი განათლების სისტემასაც ცვლიან. ჰარვარდში ამჟამად უფრო მეტი სტუდენტია უწყვეტი განათლების განყოფილებაში (მოწიფული ასაკისა და ყოფილი სტუდენტები), ვიდრე დანარჩენ საუნივერსიტეტო სისტემაში. ამავე დროს, პენსიის მნიშვნელოვნების გამო, „ახალგაზრდა მოხუცები“ სადაზღვევო კომპანიებსაც გარდაქმნიან ფიქსირებული ანუიტეტის პასიური გამანაწილებლებიდან ფინანსური სერვისების მიმწოდებლებამდე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც თავიანთ საპენსიო დანაზოგებს უფრო აქტიურად მართავენ.
„ახალგაზრდა მოხუცთა“ აღზევება წყალობაა თავად მათთვის, ეკონომიკისა და მთელი საზოგადოებისთვის. მრავალი ბოსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიიჩნევს, რომ პროდუქტიულობა ასაკთან ერთად მცირდება, მაგრამ გერმანული სატვირთო ავტომობილებისა და დაზღვევის ფირმების კვლევა აჩვენებს, რომ უფრო ხანდაზმული მუშაკების პროდუქტიულობა, სულ მცირე, საშუალოზე ოდნავ მეტია, ხოლო სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები ყველაზე პროდუქტიულია. საზოგადოება მხოლოდ მოიგებს, თუ ადამიანთა უფრო ხანგრძლივი დასაქმებითა და ნაკლები სამედიცინო დახმარებით დაიზოგება ჯანდაცვასა და პენსიაზე განკუთვნილი რესურსები.
მაგრამ ეს ყველაფერი რეალობად რომ იქცეს, სამი მნიშვნელოვანი რამ უნდა შეიცვალოს, რაზეც თვითონ „ახალგაზრდა მოხუცები“ ახდენენ ზემოქმედებას. ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების დამოკიდებულებაა ხანდაზმულებისადმი, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანები მოეშვნენ და წყნარად დატოვონ „ავანსცენა“. მრავალი კომპანია ეწევა ხანდაზმული მუშაკების დისკრიმინაციას და ტრენინგს მხოლოდ უფრო ახალგაზრდებს სთავაზობს ან უზღუდავს შტატგარეშე დასაქმების ან სამუშაოს გაზიარების შესაძლებლობებს. „ახალგაზრდა მოხუცები“ მოითხოვენ კომპანიები ასაკისადმი უფრო ტოლერანტულნი გახდნენ და ამ პროცესში სურთ შეცვალონ დამოკიდებულება თავად დაბერებისადმი.
საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებაც. მრავალ მდიდარ ქვეყანაში საპენსიო ასაკი კვლავაც ნაკლებია იმ ასაკზე, რა ასაკშიც ადამიანებს კვლავ სურთ მუშაობა. ეფექტური საპენსიო ასაკი (ასაკი, როცა ადამიანები რეალურად გადიან პენსიაზე) კიდევ უფრო დაბალია. სახელმწიფო პოლიტიკა პენსიაზე გასვლას მკვეთრ წყალგამყოფად აქცევს, მაშინ, როცა იგი დამრეც ფერდზე დაშვებას უნდა ჰგავდეს.
მესამე − ჯანმრთელ „ახალგაზრდა მოხუცთა“ რიცხვის ზრდა ჯანდაცვის ხარჯების დრამატულ ცვლილებას მოითხოვს. ასაკობრივი დაავადებების უმეტესობაზე საუკეთესო პასუხი პრევენცია და ცხოვრების სტილის შეცვლაა, თუმცაღა ქვეყნების უმეტესობის ჯანდაცვის ხარჯების 2-3% თუ მიდის პრევენციაზე. ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, რადგანაც მომდევნო დეკადაში ,,ახალგაზრდა მოხუცებზე“ ჯანდაცვის ხარჯებისა და აქტივობის შეფარდებითი ზრდა მოვა. ამის შემდეგ, 2030 წლისათვის, როცა ისინი 75 წელს მიუკაკუნებენ, ფიზიკური შესაძლებლობების თანდათანობითი შემცირების პერიოდში შეაბიჯებენ, რომლისთვისაც მდიდარი ქვეყნები მზად არიან.
ჯონ პარკერი, კორესპონდენტი, The Economist