უსაფრთხო ქვეყნად პოზიციონირება - საქართველოს დამატებითი კონკურენტუნარიანობა
რია პრემიერის ხედვა პოსტკოვიდურ ეკონომიკაზე, საქართველოს ახალ როლზე გლობალურ ეკონომიკაში, ახალი ტიპის გლობალურ კონკურენციაზე, რომელშიც საქართველოს უჩნდება ახალი შესაძლებლობები?
კორონავირუსის პანდემია უდავოდ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას გლობალური ეკონომიკის ცვლილებაზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ პანდემიამ დაასრულა გლობალიზაცია და გლობალური ეკონომიკური კავშირები. თუმცა, ნათელია, რომ მსოფლიო იცვლება და ეს ცვლილება გარდაუვალია.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა შეუქმნა და გარკვეულწილად, გაკვეთილიც ასწავლა. გაკვეთილი, რომ გვჭირდება მეტი ონლაინსერვისების ხელმისაწვდომობა, დიგიტალური ეკონომიკის განვითარება. ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება, რაც გლობალურ ეკონომიკაში მოხდება გრძელვადიან პერიოდში და კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა და გაზარდა მისი მნიშვნელობა.
რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, ვფიქრობ, ქვეყნები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახდებიან მეტად ორიენტირებული ეროვნულ ეკონომიკაზე და წარმოებაზე (More inner-looking). იმ ზიანის შედეგად, რაც პანდემიამ ქვეყნების ეკონომიკებს მიაყენა, სახელმწიფოები ეცდებიან, დაიცვან საკუთარი ადგილობრივი წარმოება და შედარებით შეზღუდონ იმპორტი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია უფრო მოკლევადიან პერიოდს შეეხება და გრძელვადიან პერიოდში, მისი შენარჩუნება უბრალოდ ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა პოსტპანდემიურ პერიოდს ხვდება კარგი სასტარტო პირობებით — ჩვენ დღემდე საკმაოდ წარმატებულები ვიყავით ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით და შესაძლებლობა გვაქვს, ეს წარმატება უკვე ეკონომიკურ სარგებლად ვაქციოთ.
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო აქვს და ეს დასტურდება თუნდაც ქვეყნის რეიტინგით ბიზნესის წარმოების სიმარტივეში, რომლის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში მე-7 ადგილი უჭირავს. ამასთან, დღეს არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხის პირობებში და გლობალურად არაპროგნოზირებად გარემოში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩინდეს, როგორც მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანა. უსაფრთხო ქვეყნად პოზიციონირებამ საქართველოს უნდა შესძინოს დამატებით კონკურენტუნარიანობა რეგიონში ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ადგილად ჩამოყალიბების გზაზე.
უცვლელი რჩება საქართველოს მისწრაფება, შეასრულოს რეგიონული სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია, სადაც მსხვილი ეკონომიკები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან სავაჭრო და ბიზნესკავშირებს. ამას ხელს უწყობს როგორც ჩვენი ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ისე იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი, რომელიც ქვეყანას აქვს.
ზემოაღნიშნულის გარდა, როგორც ცნობილია, საქართველო ისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ქმნის კარგ საფუძველს ურთიერთკავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, განათლების, შრომის ბაზრის და სხვა მიმართულებებით. ამ მხრივ, საქართველო გააძლიერებს ქვეყნის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს. ქვეყნის მიერ ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაძლიერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა გახდეს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან სარგებლის მიღების მთავარი ფაქტორი. ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ქვეყნის კაპიტალური ხარჯები 2019 წელს შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ზე მეტს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ახალი გამოწვევების პირობებში, საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
აუცილებლად ახლებურად იქნება გასააზრებელი ქვეყნის საინვესტიციო სტრატეგია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით შეგვიძლია მეტად თამამები ვიყოთ. გაურკვეველი გლობალური გარემოს პირობებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით თავისუფალი და ღია ბაზრის პრინციპებისა, ვართ რეგიონში სტაბილური ქვეყანა, რომელიც წარმატებით უმკლავდება პანდემიას. შესაბამისად, გლობალურად მსხვილი კომპანიების გადანაცვლების პირობებში, ვხედავთ შესაძლებლობას საქართველოში მსხვილი ბიზნესების რეგიონული ცენტრების შექმნაში და მათ მოზიდვაში. ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია სწორედ ამისკენაა მიმართული.
როგორც უკვე აღვნიშნე, გარკვეულწილად იცვლება ბიზნესის წარმოების პროცესი, სოციალური დისტანცირების აუცილებლობა გლობალურად დააჩქარებს ბიზნესის ე.წ. დიგიტალიზაციას და ამ მიზნისათვის აუცილებელი ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა მოვახდინოთ ბიუროკრატიის ტრანსფორმირება ონლაინ ხელმისაწვდომ ბიუროკრატიად. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ხელმისაწვდომობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა შესაძლოა იქცეს ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად.
ამასთან, გლობალურად გაურკვევლობის მაღალი ხარისხის პირობებში, ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, მაკროეკონომიკური სტაბილურობა დარჩება საქართველოს ეკონომიკის ქვაკუთხედად. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ქვეყნის ეკონომიკის სანდოობას და სტაბილურობას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ინვესტორებისთვის. პოსტკოვიდურ სამყაროში, აღნიშნული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის პირობებში, ჩვენ გარკვეულწილად უკვე დავადასტურეთ, რომ ქვეყანაში არსებობს მაღალი ხარისხის მაკროეკონომიური მართვა. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ჩვენ კრიზისის დროს შევძელით სწრაფად მოგვეხდინა საერთაშორისო მხარდაჭერის უპრეცედენტო მასშტაბით მობილიზება. ცხადია, პანდემიას მოჰყვა ეკონომიკის ფისკალური მდგომარეობის გაუარესება, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის გათვალისწინებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საქართველო ეფექტურად აღადგენს კრიზისამდე არსებულ ფისკალურ მაჩვენებლებს.
კორონავირუსის პანდემიამ ასევე კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ეკონომიკის დივერსიფიცირების მნიშვნელობა. ცხადია, ეს დივერსიფიცირება უნდა ეფუძნებოდეს კონკურენტული უპირატესობების პრინციპებს და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი „სასათბურე“ პირობები რომელიღაც სექტორისთვის.
ვფიქრობ, სოფლის მეურნეობას განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს საქართველოში — როგორც ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების კუთხით, ისე საექსპორტო პოტენციალის თვალსაზრისით. ამასთან, კორონავირუსის კრიზისმა ნათლად დაგვანახა სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სპეციალური მხარდაჭერის პაკეტი შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად, რათა ამ სექტორში ხელი შევუწყოთ დასაქმების ფორმალიზებას და პროდუქტიულობის ზრდას. არსებითად გავაფართოვეთ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები სოფლის მეურნეობაში, რათა გრძელვადიანად შევინარჩუნოთ სექტორის განვითარების დინამიკა.
ცხადია, რომ ტურიზმი კვლავაც დარჩება საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ინდუსტრიად. როგორც იცით, პანდემიამდე პერიოდში, საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, საერთაშორისო ვიზიტორების მაჩვენებელმა 9 მილიონს გადააჭარბა. სამომავლოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ინდუსტრიაში დამატებითი ღირებულების ზრდაზე, ე.წ. ნიშური მიმართულებების განვითარების გზით უფრო მაღალმსყიდველობითუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, მომავალ წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება ადამიანური კაპიტალი. შესაბამისად, დღეს ინვესტიცია განათლებაში და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, რეალურად არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ ზრდაში. სწორედ ამას ემსახურება განათლების ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, კვალიფიციური, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების შექმნას.
დაბოლოს, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ქვეყანა მიმზიდველი იყოს უცხოელი ინვესტორებისთვის და ბიზნესებისთვის, იმისათვის, რომ შეუფერხებლად ხდებოდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ხელსაყრელ ბიზნესგარემოსთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კანონის უზენაესობა და დემოკრატიული განვითარება.
ამ მიმართულებით, საქართველო დგამს ძალზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში სრულად პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას.
საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ჩვენი მიზანია, ეს იყოს სამაგალითო, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც საბოლოოდ გაამყარებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
როგორ შევძელით კრიზისის მართვა და როგორ ვაპირებთ ანტიკრიზისული გეგმის ბოლომდე მიყვანას?
კორონავირუსის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, ჩვენ სერიოზულად შევაფასეთ რისკი და დავიწყეთ შესაბამისი ზომების მიღება. პირველივე დღეებიდან, მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებდა ორი მიმართულებით — ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, პანდემიის შედეგად ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქება.
ზომებს ვიღებდით საფრთხის პროპორციულად, ეტაპობრივად ვამკაცრებით შეზღუდვებს, რათა შეგვემცირებინა ეკონომიკური ზიანი.
ასევე, ადრეულ ეტაპზევე დავიწყეთ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომლის მიზანია კრიზისის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების დახმარება.
ანტიკრიზისული გეგმა 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის განხორციელება ჯერ კიდევ მარტში დავიწყეთ და ის მოიცავდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, მათ შორის კომუნალური ხარჯების დაფარვას, წერტილოვან დახმარებებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც თავდაპირველად მოექცნენ დარტყმის ქვეშ.
ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი შემუშავდა აპრილში, როდესაც უკვე ნათელი გახდა, პირველ ეტაპზე რა მასშტაბის ზარალთან გვქონდა საქმე. ამ ეტაპის განხორციელება დაიწყო მაისიდან და დღემდე მიმდინარეობს.
ე.წ. ჰორიზონტალურ ღონისძიებებთან ერთად, შემუშავდა და ხორციელდება ანტიკრიზისული ღონისძიებები ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, მშენებლობა და ა.შ.
საბოლოო ჯამში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პირდაპირი ფინანსური რესურსების მოცულობამ 3.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუტის 7%-ზე მეტია. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და დღეის მდგომარეობით, ამ მაჩვენებლით ჩვენ ვუსწრებთ მაგალითად, საფრანგეთს, ნორვეგიას, ჩეხეთს, თურქეთს და სხვა ბევრად დიდი ფინანსური რესურსების მქონე ქვეყნებს.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებები, რომელიც ჩვენ ავსახეთ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში, სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და შესაბამისი შეფასებები უკვე გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩვენი უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან.
ანტიკრიზისული ღონისძიებების პარალელურად, ეტაპობრივად ვახორციელებთ ბიზნესის სხვადასხვა სახის მხარდაჭერას, მათ შორის, საგადასახადო შეღავათებს, კომპენსაციის ბენეფიციარი ფიზიკური პირების არეალის გაფართოებას და ა.შ.
რაც შეეხება გეგმის ბოლომდე მიყვანას — ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველა ადამიანს, რომელიც დაზარალდა პანდემიის შედეგად და სამსახური დაკარგა. დღეს ჩვენ გვყავს 600 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რომლებმაც უკვე მიიღეს სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის პირდაპირი კომპენსაცია, რასაც ასევე ემატება ის ოჯახები, რომლებმაც მიიღეს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით გათვალისწინებული სარგებელი.
ცხადია გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და მხოლოდ ის მინიმუმია, რომელიც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევძელით. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს მინიმალური დახმარება მიიღოს ყველა იმ ჯგუფმა, რომელმაც პანდემიის დროს შემოსავალი დაკარგა.
რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას, ბუნებრივია, ჩვენს მიზანს თითოეული სექტორის მხარდაჭერის პროცესში წარმოადგენდა სამუშაო ადგილების შენარჩუნება. შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ ის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიით, ან ამ სექტორის კრიზისიდან გამოყვანა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ნიშნით დავეხმარეთ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის სექტორებს და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი