2020 წელი რეკორდული იქნება
2020 წელი, გლობალური პანდემიის გამო, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული გამოწვევების წლად იქცა. მთავარი ამოცანა სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა იყო, მაგრამ მთავრობა პარალელურად მუშაობდა ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გეგმაზე.
მარტში, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მათ შორის, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ გაჩერებულიყო. პრემიერ-მინისტრისა და მთლიანად, ჩვენი მთავრობის სწორი გათვლებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით მოვედით დღემდე. თანაც ისე, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები ჩვენი თუ უცხოელი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხარჯზე არ მიგვიღია.
როცა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი წილი, როგორც სამუშაოების მასშტაბის, ისე დაფინანსების თვალსაზრისით, საგზაო მიმართულებაზე მოდის. გზების მშენებლობის კუთხით კი, უდავოდ გამორჩეულია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზების პროექტი, რომელსაც საუკუნის პროექტს თამამად ვუწოდებდი. პანდემიის მიუხედავად, რიკოთზე მუშაობა არათუ არ გაჩერებულა, არამედ პირველი სამი გვირაბიც კი გაიჭრა. სამუშაოების მასშტაბსა და ტემპს რიკოთის სხვადასხვა მონაკვეთზე ხედავს ყველა, ვინც დასავლეთის მიმართულებით მგზავრობს. 2022-2023 წლებში რიკოთზე ეტაპობრივად დავასრულებთ 51.6 კმ-იანი ახალი გზის, 53 გვირაბისა და 96 ხიდის მშენებლობას, რის შედეგადაც უღელტეხილის მანძილი 30 კმ-ით შემცირდება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მგზავრობის დრო კი განახევრდება.
სულ ახლახან, ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იანი მონაკვეთი გავხსენით და ამ პროექტს სრულად წლის ბოლომდე დავასრულებთ. აქ, დამატებითი ორი ზოლის მოწყობა გასულ წელს დავიწყეთ და ეს არის პროექტი, რომელსაც დროზე ადრე დავამთავრებთ. ჩვენ ვასრულებთ პირობას და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს გამოცდილების დაგროვებაში. სწორედ ამიტომ, ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი 4 მონაკვეთად დავყავით და შედეგიც მივიღეთ — ოთხი მონაკვეთიდან სამს ქართული კომპანია აშენებს.
ზაფხულში გავხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კიდევ ერთ მიმართულებას — ჯაპანა-ლანჩხუთის გზას. ეს სამტრედია-გრიგოლეთის დიდი და რთული მონაკვეთის ნაწილია. შემოდგომამდე კი ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობაც დასრულდება და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთ-ერთი ლამაზი, ყველაზე მაღალ ბურჯებზე აშენებული კომფორტული გზა გვექნება.
საერთო ჯამში, 2020 წელი რეკორდული იქნება, ვინაიდან 70 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობას დავასრულებთ, რაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს.
მაგისტრალური გზების გარდა, მუშაობა არ გაჩერებულა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან — ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზეც. 51 კმ-იანი გზა ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დროს სულ ცოტა 1 საათით შეამცირებს, თბილისიდან ონში კი 1,5 საათით მალე ჩავალთ. პროექტი, რომლის დასრულებასაც მომავალ წელს ვგეგმავთ, გამოაცოცხლებს ლეჩხუმსა და რაჭას. ეს გზა რეგიონში გაზრდის შიდა და გარე ტურისტის რაოდენობას და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს მეტი ეკონომიკური აქტივობისთვის.
გარდა ამისა, ჩვენ ტრადიციულად ვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. დღეს, როდესაც პანდემიის გამო საზღვრებს სრულად ვერ ვხსნით და მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის წახალისება, ვახერხებთ ახალი მიზიდულობის ცენტრების გახსნას. ვანში დავასრულეთ მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმის მშენებლობა, რომელშიც ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნივთების ექსპოზიცია მოეწყობა. ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს. სოფელ ასურეთში კი, ყოფილ ელიზაბეტთალში, აღვადგინეთ გერმანული არქიტექტურული ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები. ამით ვცდილობთ გავაცოცხლოთ ის ადგილები, რომლებიც ინახავენ ჩვენი ისტორიის საინტერესო პერიოდებს და სტიმული მივცეთ როგორც მსხვილ ინვესტორებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, წამოიწყონ ახალი ეკონომიკური საქმიანობა. დაწყებული გვაქვს ახალი მუზეუმის მშენებლობა ონშიც, სადაც 14 ათასამდე ექსპონატი იქნება წარმოდგენილი. ვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას ბოდბის, გელათის, მოწამეთას, ატენის სიონის მონასტრებთან და კაცხის სვეტთან.
მინდა მოკლედ შევეხო ისეთ საბაზისო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა წყალმომარაგება და აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, წყლის სექტორის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. ეს ის სექტორია, რომელიც სათანადო ყურადღების მიღმა იყო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. არის სოფლები და ქალაქებიც კი, სადაც წყალმომარაგების სისტემა არასოდეს ყოფილა მოწესრიგებული.
რამდენიმე თვის წინ უწყვეტ და გამართულ წყალმომარაგებაზე გადავიყვანეთ ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურის 80%-იც. შედეგად, დამატებით 300 ათასამდე ადამიანი უზრუნველყოფილია გამართული წყალმომარაგებით. მარნეულში სისტემების მშენებლობა მუნიციპალიტეტში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გაჩერდა, თუმცა სამუშაოები უკვე აღდგენილია და სექტემბრიდან ეტაპობრივად დავიწყებთ მოსახლეობის ნაწილის ახალ სისტემაზე გადართვას. ამ პროექტით 30 ათასამდე ადამიანი მიიღებს სტაბილურ წყალმომარაგებას.
წლის ბოლომდე კიდევ ბევრ პროექტს დავასრულებთ და სულ 250 ათასამდე ბენეფიციარს უწყვეტი ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველვყოფთ.
მაია ცქიტიშვილი, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი