ახალი პერსპექტივა ახალ რეალობაში

საქართველოს, თავისი რეფორმატორული მიდგომით, ღია ეკონომიკის, მიმზიდველი ბიზნესგარემოსა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგების წყალობით, სრული შესაძლებლობა აქვს, გლობალურ კომპანიებს საკუთარი პლატფორმა შესთავაზოს

 

კორონავირუსის პირველმა ტალღამ მსოფლიოს, და მათ შორის საქართველოს გადაუარა და უკვე შეგვიძლია, შევაფასოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირველი შედეგები. ოფიციალური სტატისტიკით, წინასწარი შედეგების მიხედვით, 2020 წლის იანვარი- მაისის განმავლობაში მშპ-ის საშუალო რეალურმა კლებამ 5.4 პროცენტი შეადგინა. კლება უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების გამო როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირებას. პანდემიისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორს შეეხო. ამასთან, გლობალურად, კრიზისის ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია გაურკვევლობის დონე. არაერთმა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გადახედა პროგნოზებს და განაცხადა, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე გაცილებით ძლიერი იქნება. 

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ საგანგებო ვითარების დროს დააანონსა მასშტაბური მიზნობრივი ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმების შესახებ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენის შერბილება. 

დღეს ქვეყნის მთავრობა ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას — მსოფლიოში ვირუსის გავრცელების გაზრდილი მასშტაბის მიუხედავად, აუცილებელია შენარჩუნდეს საქართველოში კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამავე დროს, აუცილებელია ეკონომიკური აქტივობის გაზრდა. 

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ორ ეტაპს მოიცავს. მათგან, პირველი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელებაც მარტიდან დაიწყო. მეორე ეტაპზე ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმები სხვადასხვა სექტორისთვის, რომლებიც კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა. 

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით 3,5 მლრდ ლარი გამოყო. პანდემიით გამოწვეული პირველადი ნეგატიური ეფექტების შესამსუბუქებლად, ბიზნესის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გაატარა გადაუდებელი ღონისძიებები, მათ შორის, ბიზნესსუბიექტებს 4 თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდათ, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, 750 ლარამდე ხელფასი გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება 1500 ლარამდე ხელფასზე, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. 

მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კრიზისის შედეგად განვითარებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ორიენტირებული გახდა „აწარმოე საქართველოს“ სახელმწიფო პროგრამები. ფაქტობრივად, გაორმაგდა სესხის სუბსიდირების პროგრამის მიერ მოცვადი საქმიანობების ჩამონათვალი, გაიზარდა თანადაფინანსების ოდენობა და ვადა. შემუშავდა სპეციალური პროგრამა განთავსების ობიექტებისათვის. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს, მისი ბიუჯეტი 2019 წელთან შედარებით 15-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა და 330 მლნ ლარს შეადგენს. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში, საბანკო სექტორის გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სქემაში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული 330 მლნ ლარის ოდენობის ბიუჯეტი საშუალებას იძლევა სახელმწიფო ქვეყნის ეკონომიკაში 2 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს დაუდგეს გვერდით. 

ანტიკრიზისული პროგრამა ასევე მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც. მათ შორის, მშენებლობის სექტორს, სოფლის მეურნეობას და სხვ.   

გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ მიიღო და ახორციელებს, არის სწორი და მიმართულია ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. ამგვარი გახლავთ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებაც, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 

2020 წლის აპრილში, იმ დროს, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, სავალუტო ფონდმა საქართველოსთან პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ამით მხარი დაუჭირა მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკას. ფონდის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით, საქართველო მომზადებული იყო ამ გამოწვევის პირისპირ. 

პანდემიის შემდეგ ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით ძალიან შეიცვლება, ტრადიციული ინდუსტრიული რეგიონული ჰაბების გეოგრაფია დაირღვევა, საერთაშორისო კომპანიები აქცენტს დივერსიფიცირებაზე გაამახვილებენ და საქმიანობას სხვა ქვეყნებში გააგრძელებენ. ახალ რეალობაში საქართველოს, თავისი რეფორმატორული მიდგომით, ღია ეკონომიკის, მიმზიდველი ბიზნესგარემოსა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგების წყალობით, სრული შესაძლებლობა აქვს, გლობალურ კომპანიებს საკუთარი პლატფორმა შესთავაზოს.

ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი