სოფლის მეურნეობის სტრატეგია სწორედ პანდემიის მსგავს გამოწვევებს ითვალისწინებს
პაკეტი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით შემუშავდა, ორი ბუნების მატარებელია. მას აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა და ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სტიმულირების ხასიათს ატარებს.
საყოველთაო პაკეტი ყველა რეგისტრირებულ ფერმერს 200-ლარიან შეღავათს აძლევს. ეს ჰორიზონტალური დახმარებაა. აქცენტი უფრო მცირე ფერმერებზე გავამახვილეთ. უმნიშვნელოვანესი ელემენტია დიზელის სპეციალურ ფასად შეძენა, რომელიც პროგრამაში მონაწილე ფერმერებს საწვავის ხარჯის თითქმის მესამედს დაუზოგავს. გარდა ამისა, გარკვეული მოდიფიკაცია შევიტანეთ არსებულ პროგრამებში, რათა ჩვენი ფერმერები უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. მათი წარმატება ხომ დარგის და ზოგადად, აგროწარმოების წარმატებას ნიშნავს.
ხშირად გვესმის საუბარი, რომ პანდემიამ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და ამიტომაც არაერთი მიმართულებით მიდგომების შეცვლა იგეგმება. მსგავს ფრაზებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიგონებთ, მათ შორის — საქართველოშიც.
თუმცა, ჩვენი სოფლის მეურნეობის სტრატეგია ვფიქრობ არ შეიცვლება, რადგან ის სწორედ პანდემიის მსგავს გამოწვევებს ითვალისწინებს. ჩვენი სტრატეგიული მიდგომა და პოსტკრიზისული სიტუაციაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ პროგრამების განხორციელება, რომელიც სტრატეგიული მიზნების შესრულებისთვის გვჭირდება. ეს ახალ სტრატეგიაშიც მკაფიოდაა გაწერილი, რომელიც 2021 წელს უნდა ამოქმედდეს.
ჩვენი მიდგომა მხოლოდ სოფლის სამეურნეო საქმიანობებით არ შემოფარგლება. ის უფრო ფართო გაგებით სოფლის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების ხელშეწყობასა და განვითარებას გულისხმობს. ეს საერთაშორისო მიდგომა და ხედვაა, რომელიც მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ინტენსიურად გაითვალისწინა საკუთარ პოლიტიკაში.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, სოფლის მეურნეობის გარდა, სხვა სერვისებსა და საქმიანობებში დასაქმების საშუალება უნდა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს გადამამუშავებელი საწარმო, შემნახველი მეურნეობა ან სხვადასხვა მომსახურების სფერო სოფლის მეურნეობისთვის.
აგროკომპეტენციის ამაღლება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც კომპლექსურად უკვე განათლების მთლიან სტრატეგიასთანაა პირდაპირ კავშირში. ზოგადად, პროფესიული უნარების ამაღლება ყველა მიმართულებით გვჭირდება და გამონაკლისი არც სოფლის მეურნეობაა. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი შეიძლება გახდეს ახალი პროფესიული უნარების მქონე კადრებისთვის. ამიტომ, პროფესიული განათლების გადახალისება უმნიშვნელოვანესი პროცესია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი განათლება დუალური განათლების ელემენტებს შეიცავს და პრაქტიკის კომპონენტები მასში ძალიან გაძლიერებულია. ფაქტია, რომ ფსიქოლოგიური გარდატეხა უკვე მოხდა. ბევრი, მათ შორის ქალაქში მცხოვრები ადამიანი დაკავდა სამეურნეო საქმიანობით. კარგია, რომ მედია მათ პოპულარიზაციას ახდენს.
საქართველოში არსებობს მრავალფეროვანი რესურსები არაერთი ტიპის წარმოებისთვის. ჩვენი პოლიტიკა კი გულისხმობს იმას, რომ მთავრობის ჩარევით ეს ყველაფერი დაჩქარებულად მოხდეს. ერთ-ერთი მიმართულება თავისთავად არის ცოდნაც. უკვე არსებობს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები თითოეულ მუნიციპალიტეტში, რომელიც სამინისტრომ შექმნა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველა პრობლემის გადაწყვეტაა, თუმცა ძალიან დიდი გარღვევაა იმ კუთხით, რომ სამინისტრო გაჩნდა რეგიონებშიც და ის აღარაა მხოლოდ თბილისის ცენტრალური აპარატი. მას ყველა მუნიციპალიტეტში თავისი თანამშრომლები ჰყავს, რომლებიც მუდმივ გადამზადებას გადიან. სისტემა კი უკვე ჩამოყალიბდა და ეს არის კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალება სამინისტროსა და ფერმერებს შორის. მთავარი გამოწვევაა, ფერმერებს გავუჩინოთ წვდომა უახლეს ცოდნაზე.
ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის განუყოფელი ნაწილია. ცივილიზაცია მიწის კულტივაციით და მიწათმოქმედებიდან დაიბადა. უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღემდე, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები პარალელურად განვითარებადი დარგებია.
დღეს ეს ყველაფერი საოცრად დაჩქარებულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტრადიციული ცოდნა, რომელსაც საკადრისი დაფასება სჭირდება, ამასთანავე ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ სოფლის მეურნეობა ნაკლებად შრომატევადი გავხადოთ. ნაკლები დანახარჯებით კი მეტი შედეგი მივიღოთ. ეს ფერმერთა კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ამიტომ, ასეთი ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ტექნიკური საშუალებები, მექანიზაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი. აგრეთვე სატელიტური, სპექტრული, მეტეოინფორმაციის დამუშავება და შემდეგ ამ ინფორმაციის სწორად გამოყენება. ვცდილობთ ეს ყველაფერი სისტემურად როგორც ქვეყნის დონეზე, ასევე ინდივიდუალურად აქტიურად დავნერგოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ფინანსური კომპონენტები და ინსტრუმენტები, რომელიც არსებული მეურნეობების მოდერნიზაციას ითვალისწინებს. გვსურს ახალი ტექნოლოგიები სარწყავი სისტემების, სეტყვასაწინააღმდეგო ბადეებისა და დაცვის სხვადასხვა საშუალების სახით დაინერგოს, რომელიც რისკ-ფაქტორებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არაერთი გამოწვევაა მოსალოდნელი რთველთან დაკავშირებით. დღეს ღვინის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული დარგია. მისი გაყიდვის მაჩვენებლები ძირითადად ტურისტულ სეგმენტზე მოდიოდა. გაყიდვა კი მთელ მსოფლიოში შემცირდა. ბოლო წლებში ჩვენ მუდმივად გვაქვს ექსპორტის ზრდა, რაც ადგილობრივ წარმოებას ასტიმულირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მეტი ვენახი შენდება, მეტია ყურძნის წარმოება და ყოველ წელს გადამუშავებული ყურძნის რაოდენობაც იზრდება. წელს რეკორდულ მაჩვენებელს — 300 000 ტონას მხოლოდ ინდუსტრიული გადამუშავებისთვის ველოდებით.
საკმაოდ სპეციფიკური თემაა ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე. ცხადია, ეს დაკავშირებულია პანდემიასთანაც. რამდენიმე ქართული პროდუქტი უკვე განსაკუთრებით კონკურენტუნარიანია ევროპულ ბაზარზე. ესენია: ღვინო, თხილი, მაღალალკოჰოლური სასმელები, საბრენდე სპირტი და მინერალური წყლები. ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენს ამ ოთხ პროდუქტზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. ასევე, ქართულ თაფლსაც შეუძლია ე.წ. ნიშური სეგმენტის დაკავება ამ ბაზარზე. თუმცა, ამ მხრივ ჯერ მრავალი გამოწვევაა და მის სრულად განხორციელებას ბევრი რამ სჭირდება.
ჩვენი დაკვირვებით, თხილზე მოთხოვნა განსაკუთრებით მდგრადია, რადგან ის საკონდიტრო და სამრეწველო თვალსაზრისით აქტიურად გამოიყენება. შინ ყოფნის პირობებშიც, ხალხი ძალიან ხშირად ყიდულობს. თუ წელს კარგი მოსავალი იქნება და ყველა დაგეგმილ ღონისძიებას განვახორციელებთ, გვაქვს მოლოდინი, რომ მაღალ შედეგებს მივიღებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბაღების მოვლა არის თვისებრივად შეცვლილი და გაცილებით გაუმჯობესებული, რაც თხილის ხარისხზე პირდაპირ აისახება.
მეხილეობის ის მიმართულებები კი, რომელსაც „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ჩვენ საფუძველს ვუყრით ბოლო წლებია, პირველი პროდუქტის მოტანას 2020-2021 წლებიდან იწყებს. ეს პროდუქტები ძალიან პერსპექტიულია ევროკავშირში გასატანად, თუმცა მოცულობა ჯერ მაინც მცირე გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ველოდებით პოზიტიურ დინამიკას და ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის ზრდას.
ტყის კოდექსი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ხელშესახები რეფორმაა, რომლის გატარებაც ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო. ჩვენი ტერიტორიის 40%-ზე მეტი ტყითაა დაფარული, რაც 3 მილიონ ჰექტარზე მეტ უნიკალურ რესურსს ნიშნავს. ამავდროულად, ეს მთელი ეკოსისტემაა, რომელიც ქვეყნის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. ტყის ჯანსაღი მდგომარეობა და ეკოლოგიური სტატუსის დაცვა-შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მეორე ამოცანა კი იმ სატყეო რესურსის სწორად გამოყენება და იმ ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, რომლის პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად აქვს.
ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი