„აწარმოე საქართველოში“ — სააგენტოს წამყვანი როლი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის
აწარმოე საქართველოში“ არის სახელმწიფოსა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ მოსახლეობას შორის ერთგვარი ხიდი და ასევე მეწარმეების ინტერესების აქტიური ლობისტი, რომელსაც ბიზნესის პულსზე უდევს ხელი და ყველაზე მარტივად შეუძლია მისი საჭიროებების კომუნიკაცია მთავრობასთან და საკანონმდებლო შტოსთან.
ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ერთ-ერთ სასიცოცხლო წინაპირობად, რჩება მთლიან შიდა პროდუქტში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდა. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეწარმეო სულისკვეთების ამაღლება და ეკონომიკურად მომგებიანი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენ, ამ მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამას ვახორციელებთ და წლიდან წლამდე ვხედავთ, თუ როგორ წარმატებას აღწევენ ამ პროგრამების ბენეფიციარები, და ეს წარმატება გამოხატულია ციფრებშიც. კერძოდ, ერთმა სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა 15.7 ლარის ინვესტიციას, კერძო სექტორის მხრიდან იმავე ერთმა ლარმა ბიუჯეტში გადასახადების სახით შეიტანა 5.04 ლარი და შექმნა 8.7 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი.
სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს არა გარკვეული ჯგუფების წინსვლას და წარმატებას, არამედ ჩვენს ყველა მოქალაქეს მივცეთ სარგებელზე ხელმისაწვდომობა და საკუთარი საქმიანობით წარმატების მიღწევის შანსი. მით უმეტეს დღევანდელი მსოფლიო პანდემიით გამოწვეული გარემოებებიდან გამომდინარე, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა და სწორედ ამისთვის, ჩვენ შევქმენით ახალი შესაძლებლობები.
შემოსავლის კატეგორიაში მომუშავე ყველა მეწარმისთვის ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფინანსური პროდუქტი — საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, დაფინანსების გაფართოებული მექანიზმები და მცირე გრანტები. სააგენტოს ბიუჯეტი 50 მილიონი ლარიდან რეკორდულ მაჩვენებლამდე, დაახლოებით 500 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კვლავაც აქტიურად რჩება ჩვენი მთავრობის დღის წესრიგში. აღნიშნული გეგმა ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ყოველივე ამის დახმარებით ქვეყანაში ხდება სამუშაო ადგილების შექმნა, კაპიტალის შემოდინება, ადგილობრივ დონეზე ცოდნის გადმოტანა და ექსპორტის წახალისება.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას უკვე აქვს ახალი სტრატეგია, რომელიც გასულ წელს IFC -ის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და პანდემიის მოცემულობის პირობებში განახლება მოხდა.
სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება, რომელიც მოიაზრებს ქვეყანაში ეფექტიანობაზე დაფუძნებული ინვესტორების მოზიდვას, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ კაპიტალტევადობის მიღმა, ჩვენ მეტ ყურადღებას დავუთმობთ ისეთ სექტორებს, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქვეყანაში ტექნიკური/ტექნოლოგიური ცოდნის შემოტანაზე არის ორიენტირებული.
შესაბამისად, განახლებული მიდგომებისა და ქვეყნის უპირატესობების გათვალისწინებით, განისაზღვრა ახალი პრიორიტეტული სექტორები, რომლის მოზიდვაზეც დღეს ვართ ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის პარალელურად, ჩვენ უკვე ვახორციელებდით აქტივობებს და დღეისათვის შერჩეულია 450-ზე მეტი კომპანია, სექტორების მიხედვით, რომლებთანაც ვმუშაობთ კომუნიკაციის დამყარებისა და მათი დაინტერესების მიზნით.
მეორე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფაქტი, რომ საქართველოს შესახებ მსოფლიო საინვესტიციო ბაზარზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს. შესაბამისად, ამ საკითხის გადასაჭრელად დავიწყეთ მიზნობრივი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ:
•აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან (location advisors) და წლის ბოლომდე უკვე დაგეგმილია მათი ვიზიტი საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ჯგუფია, რადგან მსხვილი საერთაშორისო კომპანიები გარკვეულწილად სწორედ მათ მიმართავენ გადაწყვეტილების მიღების დროს და ხსენებული კომპანიები ერთგვარ „ამინდს“ ქმნიან ინვესტიციების მოძრაობასთან მიმართებაში.
•ქვეყნის ზოგადი რეიტინგების მიღმა, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სექტორული რეიტინგების გაუმჯობესებაზე. ასევე, დავამყარეთ ურთიერთობები სექტორულ ასოციაციებთან საზღვარგარეთ. მათი საშუალებით ხდება ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამჟამად, ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ BPO-სექტორში Everest Group -მა საქართველოს სპეციალური ანგარიში მიუძღვნა და უკვე თვის ბოლომდე გამოიცემა გერმანიის BPO-ასოციაციის ანგარიში საქართველოში არსებული პოტენციალის შესახებ.
•მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო და სექტორულ მონაცემთა ბაზებში საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით. გასულ წელს საქართველოს დამატება მოხდა ფDი ბენცჰმარკინგ-ის პლატფორმაზე და ქვეყნის შესახებ ზუსტი ინფორმაცია განთავსდა ისეთ სექტორულ ბაზებში, როგორიცაა SSON (BPO — სექტორის უმსხვილესი ბაზა).
გვაქვს სიახლეები და ცვლილებები ექსპორტის მიმართულებითაც. ჩვენ მოვახდინეთ ექსპორტიორი კომპანიების კატეგორიზაცია და თანადაფინანსების მექანიზმების შემუშავება, რაც დაგვეხმარება უკეთ შევუწყოთ ხელი ქართული პროდუქტის წარმატებას საერთაშორისო ბაზრებზე.
ამასთანავე, USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით, სააგენტომ დაიწყო მუშაობა ქვეყნის საექსპორტო პროდუქტების ონლაინკატალოგის და სავაჭრო პორტალ www.tradewithgeorgia.com-ის განვითარების პროცესი, რომლის ფარგლებში, ექსპორტიორს ერთ სივრცეში ექნება ბევრი სერვისი, მათ შორის — საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ონლაინტრენინგის გავლის შესაძლებლობა.
მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენი სააგენტოს ბენეფიციარმა კომპანიებმა წარმატებით განახორციელეს სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის ათვისება. აღსანიშნავია, რომ ქართული ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ხოლო ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
ვინაიდან გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტირება, შევიმუშავეთ ახალი ინიციატივა, კერძოდ, ონლაინ შოურუმებში და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის მოდელი, რაც პანდემიის დროს საერთაშორისო შოურუმების ეფექტურ ალტერნატივად განიხილება.
ქართული ექსპორტიორი კომპანიების მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობად რჩება, მით უმეტეს, როცა სულ ცოტა ხნის წინ, საქართველო WTPO Awards 2020-ის ფარგლებში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის, ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით. კონკურსი მიმდინარეობდა International Trade Center-ის მიერ, რომელიც გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტოა.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენს სამუშაოს აქვს პირდაპირი ზემოქმედება კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობაზე და შედეგები ვლინდება არა მხოლოდ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ მყისიერად. სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის უდიდესი მოტივაცია, რომ საქმე აკეთოს მთელი გულით და მაღალი პასუხისმგებლობით.
მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი