ფიქრები მომავალზე წარსულიდან
მომავალზე ფიქრისთვის იდეალური დრო არ არსებობს — დღევანდელობა ამის ყველაზე ნათელი დასტურია. 15 მარტს, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, პოლიტიკური დიალოგის შედეგად მიღწეულ წარმატებულ შეთანხმებაზე მელანი ახლად შემშრალი იყო; იმავდროულად, ევროპა და საქართველო COVID -19-ის პანდემიის ადრეულ, გაურკვევლობით სავსე ეტაპთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ.
შედეგად, ეს სტატია კიდევ ოთხი თვის განმავლობაში ვერ დაიბეჭდა. როგორც ვიცით, ოთხი თვე პოლიტიკისა და დიპლომატიისთვის (და ალბათ პანდემიასთან ბრძოლისთვისაც...) დიდი დროა, ასე რომ ვისარგებლე რედაქტორის შეთავაზებით, გამოქვეყნებამდე ჩემი სტატიისთვის გადამეხედა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დაწერილი გადავიკითხე, გადავწყვიტე დამეტოვებინა ისე, როგორც იყო. დღეს რომ დამეწერა, ზოგიერთ შეფასებას სხვანაირად ჩამოვაყალიბებდი, მაგრამ რადიკალური განსხვავება არ იქნებოდა. დაბოლოს, მე ვიტყოდი, რომ იმედი და მისწრაფებები საბოლოო ჯამში უფრო საინტერესოა, ვიდრე ყოველდღიური შეფასებები, რადგან მისწრაფებებს ვადა არ ეწურება! ასე რომ, აქ არის ჩემი ოთხი თვის წინანდელი ფიქრები 2020 წლის შესახებ. იმედი მაქვს, მოგეწონებათ მტვრიანი წერილი ახლო წარსულიდან!
„ერთი კვირის წინ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ნამდვილად ისტორიული იყო. იმედი მაქვს, თუმცა ეს მაინც ჩემი პროგნოზია, რომ პოლიტიკური დიალოგის შედეგი ისტორიაში შევა, როგორც ქართული დემოკრატიის საეტაპო გამარჯვება. პარალელურად, სამყარო ცდილობს COVID-19 ვირუსის უპრეცედენტო გამოწვევაზე შესაბამისი პასუხი იპოვოს. ამასთან დაკავშირებით ვიმედოვნებ, რომ კრიზისის პიკი მალე გადაივლის. ამავდროულად ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა ორივე იმედი გამიცრუვდეს.
მიმაჩნია, 8 მარტის შეთანხმება იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ გააცნობიერა — დროა „მე მოვიგე, შენ წააგე“ პოლიტიკიდან ორივე მხარისთვის მომგებიანი კომპრომისის ლოგიკაზე გადასვლა. თუკი ეს მართალია, 2020 წელი საქართველოსთვის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი იქნება! ახლა მთავარია, ყველა მონაწილემ პატივი სცეს და ხელი შეუწყოს არსებულ კონსენსუსს და ამ მნიშვნელოვან საარჩევნო წელს თავისი ნარატივი დესტრუქციული პოლარიზაციიდან ჯანსაღ კონკურენციაზე გადაიტანოს.
ჯანმრთელობაზე საუბრისას ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობის ადრეული და პროაქტიული მიდგომა COVID -ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, დაეხმარება ქვეყანას, თავიდან აიცილოს ყველა იმ სახელმწიფოს სავალალო მდგომარეობა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ძალიან გვიან გაიღვიძა. სამწუხაროდ, საუკეთესო სცენარის განვითარების პირობებშიც კი, COVID-ის მძიმე გლობალური ეკონომიკური შედეგები საქართველოზეც აისახება. მცირე, ღია ეკონომიკის გამო, საქართველო დიდად დამოკიდებულია გლობალურ ბაზრებზე, მაგრამ იმედი მაქვს, მისი ჯანსაღი ეკონომიკური საფუძვლები ხელს შეუწყობს დარტყმის შერბილებას.
სხვა მხრივ, 2020 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევები შარშანდელის მსგავსია. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და დეცენტრალიზაციის საიმედო სტრატეგია სიღარიბის აღმოფხვრისა და რეფორმების ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის კვლავ საკვანძოა. უნდა გაგრძელდეს განათლების სისტემაში მიმდინარე ინვესტიციები, მათ შორის, პროფესიული სწავლების კუთხით. ერთად უნდა ვიმუშავოთ ვაჭრობის გასაძლიერებლად; საქართველომ ასევე უნდა გამოიყენოს თავისი პოტენციალი, როგორც რეგიონულმა კვანძმა, რომელიც მას შავი ზღვის გავლით ევროპასთან აახლოებს.
გასულ წელს კიდევ უფრო გაძლიერდა ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებს შორის. ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობა საქართველოს იმაზე უფრო მეტმა სტუდენტმა გამოიყენა, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა. ევროკავშირის პროგრამები საქართველოს სთავაზობს გაზრდილ შესაძლებლობებს სხვა სფეროებშიც, მათ შორისაა კვლევები და კულტურა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლამ ამ გაცვლას ხელი შეუწყო და იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მისი უწყვეტი წარმატების უზრუნველყოფას თავშესაფრის უსაფუძვლო მაძიებლებთან დაკავშირებული უარყოფითი ტენდენციის დაძლევის საშუალებით.
დაბოლოს, ვისურვებდი, 2020 წლისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და COVID-19-ის წარმატებით დაძლევასთან ერთად, ქართულ პოლიტიკას მეტი ყურადღება გაემახვილებინა გარემოსდაცვით საკითხებზე. ეს უკვე ხდება, თუმცა აუცილებელია შემდგომი მობილიზაცია. გონივრული გარემოსდაცვითი და ენერგოეფექტიანობის პოლიტიკა მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, ასევე ეკონომიკური ზრდისთვის, რაც საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად გახდის, ენერგიის ფასებს შეამცირებს და ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს. საქართველო მართლაც ლამაზი ქვეყანაა, მართლაც მშვენიერი ხალხით — ორივე შესაბამის ზრუნვას იმსახურებს!“
ლოპოტა, საქართველო, 2020 წლის 15 მარტი.
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში