ავსტრია და საქართველო — იმედისმომცემი პარტნიორობა ევროპულ ბაზარზე
ქართულ-ავსტრიული ურთიერთობები ჯერ კიდევ ავსტრიის მონარქიად ყოფნის პერიოდს უკავშირდება. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველო ასრულებდა სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას, რომლის გავლითაც კასპიის ზღვიდან შავი ზღვის მიმართულებით ნავთობი გადაჰქონდათ. სწორედ ამ პერიოდში, თბილისსა და ბათუმში ავსტრია-უნგრეთის დაახლოებით 200 მოქალაქე დასახლდა. მათ შორის იყო ქალბატონი, რომელსაც ნავთობთან არაფერი აკავშირებდა. ეს პიროვნება გახლდათ ბერტა ფონ ზუტნერი — მწერალი და მშვიდობის აქტივისტი. საქართველოში მან ცხრა წელი გაატარა. მის აქ ყოფნას დაემთხვა რუსეთ-ოსმალეთის ომი. ომის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ ის პაციფისტად აქცია. 1905 წელს ბერტა ფონ ზუტნერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
საბჭოთა კავშირის ხანაში ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ძირითადად კულტურულ ხასიათს ატარებდა და წარმოაჩენდა ორი პატარა ქვეყნის დიდ როლს კულტურისა და ხელოვნების სფეროში.
2016 წელს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქართველოში საელჩო გავხსენით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი პარტნიორობის განვითარებას. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განვითარების ხელშეწყობა, კულტურა და მეცნიერება, აგრეთვე საპოლიციო საკითხები და ბიზნესის სექტორი. ამასთან, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რაც, ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის კომპონენტით, მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, რასაც გამოვხატავთ როგორც პოლიტიკური თანადგომით, ასევე განვითარებისთვის გამიზნული დახმარებით.
ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, ვცდილობთ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორის გარდაქმნის ხელშეწყობით, რაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის არსებული სამი პრიორიტეტიდან ორ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, სანდო და მდგრადი მართლმსაჯულების სექტორი და სოციალური სტანდარტის არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სანდო პარტნიორი და მიმზიდველი ინვესტიციების კუთხით. ამიტომაც, ავსტრია ჩართულია ყველა ამ მიმართულების განვითარებაში. არსებობს სფეროები, რომლებიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, არ ჩანდეს მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენი აზრით, მათი მხარდაჭერა გადამწყვეტია: ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქალთა გაძლიერება, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკასა და სხვა სფეროებში მათი ჩართულობის გაზრდა, არის საქართველოს მთლიანი პოტენციალის გამოყენების საწინდარი. ამასთან, გვჯერა, რომ სუბსიდიარობის პრინციპი და რეგიონიზაცია დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს სწრაფ პროგრესს უმუშევრობასთან ბრძოლაში და გააუმჯობესოს ჯანდაცვის სექტორი.
ავსტრია, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში ძირითადად ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სფეროებშია წარმოდგენილი. ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორებს ევროპიდან საქართველოს გავლით გადააქვთ საქონელი სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ, რაც საქართველოს რეგიონის ცენტრად აქცევს. საქართველოში ბევრი ჰიდროელექტროსადგური აღჭურვილია ავსტრიული ტექნოლოგიებით ან დაფინანსდა ავსტრიული ბანკების თუ კერძო ინვესტორების მიერ. გარდა ამისა, ავსტრიელები აქტიურად საქმიანობენ ხილის წვენების სექტორსა და ტურიზმის ინდუსტრიაში, სადაც განსაკუთრებულ ინტერესს სამთო კურორტებისა და საბაგიროების განვითარება წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა იცის, რომ პირველი დასავლური სტილის სასტუმროები თბილისსა (სასტუმრო „მეტეხი“) და გუდაურში (სასტუმრო „მარკო პოლო“) ავსტრიული ინვესტიციების შედეგია. ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება განვითარების პროგრამებსა და შეღავათიან სესხებს. როდესაც ამ სისტემაში ნაკლები ფულია, როგორც ამას სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, ჩვენი ინვესტიციებიც მცირდება. ძალიან წარმატებული იყო 2018 წელი, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსი 55 მილიონი ევროდან 96 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 73 მილიონამდე შემცირდა. ამ ფონზე, საქართველო კვლავაც რჩება ძალზე მიმზიდველ ქვეყნად და ავსტრიული კომპანიები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან აქ ბიზნესის წარმოებით.
კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისი, რა თქმა უნდა, შოკია გლობალური ეკონომიკისათვის. საქართველო, როგორც სხვა ქვეყნები, ზარალდება ტურისტების რაოდენობის დროებითი შემცირებით, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების დროებითი კლებით.
საქართველოს მთავრობა ამჟამად რთულ ვითარებაში იმყოფება, რადგან დგას კორონავირუსის გავრცელების მუდმივი საფრთხის წინაშე. ამასთან, ეკონომიკის მართვა უწევს წინასაარჩევნო პერიოდში.
მომდევნო თვეებში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა გარდაუვალია, ამიტომ იმართება მრავალი დისკუსია განათლებისა და პროფესიული გადამზადების სფეროში ინვესტირების შესახებ, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში სამუშაო ძალის განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია გახდეს რეგიონული ცენტრი და გააღრმავოს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან. თუმცა, ჩემი მოსაზრებით, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მეტი ინვესტიციის განხორციელების გარეშე, საქართველო ვერ შეძლებს მსხვილი ინვესტორების მოზიდვას. ეს უკანასკნელნი მოელიან უსაფრთხო პოლიტიკურ გარემოს, სანდო და გამჭვირვალე სამართლებრივ სისტემას და ბიზნესისათვის მიმზიდველ პირობებს. იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ საქართველომ დაიწყო საჯარო მმართველობის უფრო ეფექტიანად განხორციელება. უწყვეტობა და მდგრადობა არის ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის სანდო პარტნიორად აქცევს.
ზოგადად, მჯერა, რომ საქართველო დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის სწორ გზას ადგას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური კლასი, რომელიც სამოქალაქო სექტორის აზრს ისმენს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტისა და კანონის უზენაესობის დაცვა, საქართველოს წარმატების მიღწევის კარგ შესაძლებლობას აძლევს.
არად ბენკო, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში