საქართველოს გზა პანდემიით დაპაუზებულ მსოფლიოში
თბილისში ერთი წლის წინ ზუსტად ამ პერიოდში ჩამოვედი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. ჩამოვედი ქვეყანაში, რომელმაც გასაოცარი გზა გაიარა „მოწინავე რეფორმატორიდან მოწინავე შემსრულებლამდე“.
მართლაც, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი მოსახლეობის ცხოვრების დონე: თითქმის გაანახევრა სიღარიბე, სტაბილურ დონეზე შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა, შექმნა ღია ბიზნესგარემო, გაუმკლავდა კორუფციასა და სახელმწიფო მართვაში არსებულ პრობლემებს, და მოიზიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალოზე მაღალი მოცულობა.
საქართველოს მიერ განხორციელებული მდგრადი და თანმიმდევრული რეფორმები შეუმჩნეველი არ დარჩენილა: საქართველო მსოფლიოს წამყვანი რეფორმატორების გვერდით ხშირად იკავებს ადგილს ბევრ საერთაშორისო რეიტინგში. ამ პოსტზე ჩემი საქმიანობის ერთი წლისთავის აღსანიშნავად თავიდან მსურდა დამეწერა მოსაზრებები საქართველოს „წამყვან შემსრულებლად“ გარდაქმნის შესახებ, მაგრამ პანდემიამ ჩემი ჩანაფიქრი „შეაჩერა“, ან მე ვფიქრობდი, რომ „შეაჩერა“.
მოვლენები, რომლებიც ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში უცნობი რესპირაციული ვირუსის გამოჩენის შესახებ ჭორებით დაიწყო, სწრაფად გადაიქცა გლობალურ პანდემიად, რომელსაც ახლა COVID-19-ს ვუწოდებთ. მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ინფიცირებულით და ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილით COVID-19-ის პანდემიამ უდიდესი გავლენა იქონია ყველა ჩვენგანზე: გლობალური ეკონომიკური ზრდა, ჩვენი საბაზისო სცენარის თანახმად, სავარაუდოდ 5 პროცენტით შემცირდება, ხოლო მდგომარეობის გაუარესების სცენარი 2020 წელს ეკონომიკური ზრდის შემცირებას 8 პროცენტით ვარაუდობს, რაც მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში ყველაზე ღრმა რეცესია იქნება. იმავე სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გამო მსოფლიოში 71-დან 100 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს, რაც მნიშვნელოვანი უკანსვლა იქნება სიღარიბის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში. ყოველივე ეს გულგატეხილობას იწვევს ჩემში.
გლობალური პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის საპასუხო ღონისძიებები განსხვავებული გზებითა და განსხვავებული სისწრაფით მიმდინარეობს. თითოეული ქვეყნის მიერ გატარებული დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებების კომბინაცია მიმართულია ვირუსის გავრცელების შენელებისკენ და მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელებისკენ ადამიანების გადასარჩენად, მათი საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად და ეკონომიკის მხარდასაჭერად. შედეგები შერეულია და მკაფიოდ აჩვენებს, რომ ერთი და იგივე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, ამ ბრძოლის ფასი ყველასთვის ერთი არ არის. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოზე და რა დაუჯდა ის ქვეყანას?
თავიდან ცუდი ამბით დავიწყებ: პანდემიის გლობალური ხასიათის, და ვაჭრობაზე (მშპ-ის 77 პროცენტი), ტურიზმსა (მშპ-ის 19 პროცენტი) და ფულად გზავნილებზე (მშპ-ის 10 პროცენტი) ქვეყნის დამოკიდებულების გათვალისწინებით, 2020 წელს მოსალოდნელია საქართველოს მშპ-ის 4.8 პროცენტით შემცირება, ხოლო პესიმისტური სცენარის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა შესაძლოა 9 პროცენტს მიაღწიოს. სიღარიბის დონე ასევე უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ მოექცევა, ვინაიდან 2020 წელს დაღმავალი მობილურობის რისკის წინაშე დადგება საქართველოს დაახლოებით 500 000-მდე მოქალაქე, რომელთაგან 200 000 აქამდე სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებოდა. ამ სცენარით, სიღარიბის დონე 2.8 პროცენტით გაიზრდება, შედეგად კი ქვეყნის სრული სიღარიბის მაჩვენებელი 16.1 პროცენტს მიაღწევს.
მეორე მხრივ, კარგი ამბავია ის, რომ საქართველომ იგივე მიდგომა გამოიყენა, რომელიც მას დაეხმარა „წამყვანი შემსრულებელი“ გამხდარიყო და ამდენად, შეძლო თავიდან აეცილებინა ჯანდაცვის მიმართულებით ის უარყოფითი შედეგები, რომლის წინაშე სხვა ქვეყნები აღმოჩნდნენ. საქართველოში 1 ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ 930 ინფიცირებული და სამწუხაროდ, 15 გარდაცვალებაა აღრიცხული.
ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: ადრეული რეაგირება და დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებები (მაგალითად, საზღვრებზე), ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და საკარანტინო/სოციალური დისტანცირების ღონისძიებების დანერგვა; ასევე, ინსტიტუტების, კომუნიკაციისა და საჭირო უნარების გაძლიერება, მაგალითად, ჯანდაცვისა და ტესტირების/კვლევის მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშნელოვანია, მიზნობრივი სოციალური დახმარების შემოღება და ასევე, შინამეურნეობებისა და კერძო სექტორისთვის შემსუბუქებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. მთავრობამ ყოველივე ეს შეძლო განვითარების მიმართულებით მომუშავე თავის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელთა შორისაა მსოფლიო ბანკი, როგორც „სწრაფი რეაგირების განმახორციელებელი ინსტიტუტი“.
კონკრეტულად, მსოფლიო ბანკი საპასუხო ღონისძიებებს ახორციელებს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და საფინანსო სერვისებით. საკონსულტაციო სერვისების ფარგლებში, ჩვენ ვაწარმოებთ „საუკეთესო პრაქტიკის“ გაზიარებას მთავრობისთვის მტკიცებულებებზე დამყარებული დარგობრივი პოლიტიკის უკეთესად შესამუშავებლად და შესყიდვების მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. საორგანიზაციო თვალსაზრისით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ პოლიტიკის მიმართულებით დიალოგის წარმოებას რეგიონში ადრეული წარმატების ისტორიებისა და გამოტანილი დასკვნების იმპორტის, ასევე ექსპორტის მიზნით. მსოფლიო ბანკის საფინანსო სერვისების მიმართულებით, ჯამში საქართველოსთვის გასაწევი ფინანსური დახმარება შეადგენს დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარს, კერძოდ:
• COVID-19-ზე პირველადი რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ აშშ დოლარით შესაძლებელი გახდება პანდემიის შედეგების შერბილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით; უღარიბესი და ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების დაცვა და იმ პირთა მხარდაჭერა, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო ადგილი დაკარგეს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შეძლო კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა. მათ შორისაა, COVID-19-ის გამოსავლენად 250 000 PCR-ტესტისა და 147 000 სწრაფი ტესტის შესყიდვა. შედეგად, საქართველოში ჩატარებული ტესტების რაოდენობა გასამმაგდება და შესაძლებელი იქნება დღეში 3 000-მდე ნიმუშის შემოწმება.
• 50 მლნ. აშშ დოლარის დამატებითი დაფინანსება გამოიყო ეკონომიკის მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებისთვის, რომელიც მარტში დამტკიცებულ პირველად სესხთან — 50 მლნ აშშ დოლართან ერთად, უზრუნველყოფს 100 მლნ აშშ დოლარის მობილიზებას მთავრობის საბიუჯეტო ოპერაციების მხარდაჭერის მიზნით, საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და პანდემიის გამო, სხვადასხვა ანტიკრიზისული ღონისძიებისთვის ხარჯების გაუთვალისწინებელი ზრდის პირობებში.
•100 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის მქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროექტი ამჟამად მომზადების პროცესშია და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნის დღის წესრიგს, რამდენადაც პანდემიამ ასეთ საწარმოებზე უარყოფითი გავლენა იქონია.
• დაბოლოს, მსოფლიო ბანკი ამზადებს დამატებითი მხარდაჭერის პროექტებს, რომელთა შორის აღსანიშნავია 35 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროექტი Log-In Georgia, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით 700-ზე მეტი სოფლის ინტერნეტთან დაკავშირებაში და ხელს შეუწყობს დისტანციურ სწავლას, ტელემედიცინის განვითარებას, ციფრულ ფინანსურ ჩართულობას, ელექტრონულ კომერციას, და განამტკიცებს მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.
დაბოლოს, დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე: ამ ერთი წლის განმავლობაში რისი მომსწრეც გავხდი, ეჭვს არ მიტოვებს, რომ გლობალური პანდემიისა და მისი მძიმე ზემოქმედების მიუხედავად, საქართველოს ამბის თხრობა არ შეჩერდება და მით უმეტეს, არ შეწყდება. მჯერა, ქვეყანა აღდგენის პერიოდს უკეთესად გაივლის ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის, მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევის პირობებში ევროპასა და აზიას შორის ძირითად ლოგისტიკურ ჰაბად პოზიცირების და მწვანე ეკონომიკის შენების შესაძლებლობის გამოყენებით. დარწმუნებული ვარ, როცა ერთი წლის შემდეგ ახალ ბლოგს გამოვაქვეყნებ, ვისაუბრებ საქართველოს განახლებული ეკონომიკის პერსპექტივებზე, რომელიც დამყარებული იქნება სტაბილურობის, მდგრადობისა და ზრდის კიდევ უფრო ძლიერ საფუძველზე.
სებასტიან მოლინეუსი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი