ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში
კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ („KTW ჯგუფი“) თანამედროვე ხედვისა და უძველესი ღირებულებების კომბინაციით 2001 წელს დავაფუძნეთ. მაშინ ქვეყანაში ამ მიმართულებით საკმაოდ კონკურენტული გარემო იყო შექმნილი. ბაზარზე ღვინის არაერთი კომპანია არსებობდა.
„ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია!“ — მიზანი, რომელიც შემდგომში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ სლოგანად იქცა, სრულფასოვნად გამოხატავს ჩვენს ძირითად მისწრაფებებსა და ფასეულობებს.
ვფიქრობ, ქართულ ღვინოს საკმაოდ დიდი პოტენციალი და წინაპირობა აქვს, რომ დაიკავოს ერთ-ერთი საპატიო ადგილი მსოფლიო ღვინის ბაზარზე. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. თითოეულმა კომპანიამ, რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობს, წმინდა ბიზნესინტერესების მიღმა, მნიშვნელოვანია გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე უნდა ჰქონდეთ და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში.
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით „ KTW ჯგუფი“ აქტიურად მუშაობს. ამის მაგალითია ჩვენი არაერთი მასშტაბური, წარმატებული პროექტი და მუდმივი ფოკუსირება დარგობრივი წარმოების განვითარებაზე.
საქართველოს ეკონომიკაში კონკურენტუნარიანობის არსებობა იყო და რჩება მისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ორიენტირად. ამასთან, ქართული მეღვინეობის კლასტერის განვითარებისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნა მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც სწორი მენეჯმენტის პირობებში მიიღწევა. არსებობს ამოცანები, რომლებიც ამ მიზნისაკენ სწრაფვაში არის გადასაჭრელი.
კერძოდ, მნიშვნელოვანია, მოხდეს ქართული და უცხოური გამოცდილების შესწავლა, კრიტიკულად შეფასება და მისი განზოგადება, ამასთან, იმ გარემოს სწორი შეფასება, რომელშიც კომპანიები საქმიანობენ.
თანამედროვე გლობალური კონკურენციის პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებისა და წარმოებაში ხარისხის სათანადოდ გამოყენებას. ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება სხვადასხვა კუთხის თუ მიკროზონების მიხედვით, სათანადოდ უნდა იქნას შესწავლილი, რადგან მხოლოდ 2-3 ვაზის ჯიშით პოზიციონირება ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას არ მისცემს.
უპირველესად, ამ მხრივ, უნდა განიხილებოდეს კახეთი, რომელიც ვენახების ფართობითა და ჯიშობრივი მრავალფეროვნებით ერთ-ერთი ლიდერია. შემდგომ მას მოსდევს სხვა რეგიონები არაერთი უნიკალური ჯიშით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მივიწყებულნი არიან და გამოცოცხლებას საჭიროებენ.
ამ მიმართულებით „ KTW ჯუფმა“ დიდი სამუშაო გასწია. კახეთში, ქართლში, რაჭაში, გურიასა და აჭარაში აღადგინა შემდეგი ვაზის ჯიშები და მათგან ღვინის დაყენება დაიწყო: ქისი, ხიხვი, გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, საკმიელა, ციცქა, ჯანი, ჩხავერი, ცოლიკაური და სხვა. აქვე უნდა ვახსენოთ ზოგადად ყურძნის ენდემური ჯიშების აღდგენის მნიშვნელობა, რომელსაც „Kთჭ ჯგუფი“ უკვე მრავალი წელია ახორციელებს.
არ შემიძლია მადლიერებით არ მოვიხსენიო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, რომლებმაც სოფელ ჯიღაურაში შექმნეს მრავალწლიანი კულტურების სამეურნეო-კვლევითი ბაზა და მეურნეობა, სადაც 500-მდე ჯიშის ქართულმა ვაზმა მოიყარა თავი და ეს გახდა ერთგვარი სანედლეულო ბაზა ჯიშების განვითარებისა და გამრავლებისთვის. სწორედ ამან მოგვცა სტიმული, რომ ქართლში, სოფელ საგურამოში, თადეოზ გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მეღვინეობისა და მევენახეობის ისტორია გაგვეცოცხლებინა „გურამიშვილის მარნის“ სახით. ეს ადგილი დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც დიდი ინტერესით სარგებლობს ჩვენს ვიზიტორებში.
დასავლური მევენახეობის წახალისების მიზნით, KTW ჯუფმა“ გურიასა და აჭარაში ადგილობრივ მევენახეებს საკონტრაქტო გარანტიით საჩუქრად ვაზის 120 000 ნერგი გადასცა. შემოდგომაზე კი ამ მევენახეთათვის ყურძნის ხელსაყრელ ფასად შეძენას გეგმავს, რაც დარგის ადგილობრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ნაბიჯი იქნება. რაჭული ვაზის უნიკალური ჯიშების განვითარებისთვის კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, 20 ჰექტარ მიწის ფართობზე ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და თეთრას ჯიშის ვაზის ნერგებმა დაიდეს ბინა.
ვფიქრობ, საქართველოს ღვინის მრეწველობის განვითარებისთვის, უნდა მოხდეს დარგის რესტრუქტურიზაცია: გაერთიანებების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიან აგროსამრეწველო და დარგთაშორის ინტეგრაციას ღვინის წარმოების საკითხებში, ღვინის მასალის დამუშავებასა და მზა პროდუქტის რეალიზაციას.
ასეთი გაერთიანებები შეიძლება იყოს რეგიონული, რეგიონთაშორისი კლასტერები და სამრეწველო-ფინანსური ჯგუფები, რომელთა შექმნის გამოცდილება უკვე არსებობს ღვინის წარმოების დარგში. ეს რეფორმა დაეხმარება ადგილობრივ მეღვინეებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ დარგის განვითარებაში და ინფორმირებულნი იყვნენ ყველა მიმართულებით.
მისასალმებელია, როდესაც ქართველი მწარმოებლები აქტიურად ცდილობენ, გასცდნენ ეროვნულ ბაზარს. ნატურალური ქართული ღვინის წარმოების მასშტაბების ყოველწლიური ზრდა 15-20 პროცენტს შეადგენს, თუმცა ამ მაჩვენებლების ზრდა არ არის ქართული ღვინის წარმოების ერთადერთი მიზანი. ღვინის წარმოების სფეროს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ხარისხი და ჯიშობრიობა უნდა დავასახელოთ. ვინაიდან, ქართული კომპანია, რომელსაც თავისი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს, წარმოადგენს სრულიად საქართველოს სახეს ამ სფეროში. საქმიანობის ამ ფორმით, თითოეული კომპანია ქვეყნის იმიჯის შექმნასა და ცნობადობის ამაღლებას ემსახურება საერთაშორისო მასშტაბით. „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დაარსების ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენდა — ხარისხიანი პროდუქციის შექმნა წინაპრების ტრადიციებზე დაყრდნობით და შემდეგ მისი გაცნობა სხვა ქვეყნებისთვის. თავის მხრივ, ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად კი საჭიროა ღვინის წარმოების პროცესში, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების პარალელურად შენარჩუნდეს ღვინის ის ავთენტური გემო, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა მხარის ყურძნის ჯიშებს ახასიათებთ.
KTW ჯგუფმა“ განვითარების ტემპი და პარტნიორთა წრე სწრაფად გაზარდა და საექსპორტო მიმართულებითაც აქტიურად დაიწყო მუშაობა. წლების შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთგულ მომხმარებელთა უზარმაზარი რიცხვის მთავარ მიზეზად კი თავდაუზოგავი შრომა და ხარისხის მკაცრი კონტროლი შემიძლია დავასახელო. ჩვენს თითოეულ თანამშრომელს გააზრებული აქვს, რომ ქართული ღვინისა და კულტურის ერთგვარი ელჩია, რაც როგორც პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა.
დაფუძნების დღიდან ორიენტირებულები ვიყავით, რომ ტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა, რასაც ჩვენი ორგანიზებით განხორციელებული არაერთი პროექტი ადასტურებს. მსოფლიოში ტურისტების აქტიური მიმოსვლისა და ღვინისადმი გამოვლენილი ინტერესის ზრდასთან ერთად, ჩამოყალიბდა და განვითარებას განაგრძობს ღვინის ტურიზმის მიმართულება.
საქართველოში „ღვინის გზის“ პროექტის შემუშავებისა და განვითარების პროცესში საწყისი პერიოდიდან აქტიურად ჩავერთეთ. ვფიქრობ, ღვინის ტურიზმი საკმაოდ ფართო და საინტერესო სფეროა, რომლის მიმართ ინტერესიც მუდმივად მზარდია.
„KTW ჯგუფი“ პიონერია საქართველოში „ღვინის გზის“ ინფრასტრუქტურულად გამართვის პროცესში, რაც კომპანიის ღირებულებებსა და შინაგან კულტურას უსვამს ხაზს. ჩვენს თითოეულ ობიექტზე გამართული ინფრასტრუქტურა და მაღალი სტანდარტის შესაბამისი მომსახურებაა. ამ კუთხით შექმნილია ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
„KTW ჯგუფი“ 2000-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ საქართველოში არსებული უმუშევრობის პრობლემა დავძლიოთ და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებულ ჩვენს ობიექტებზე მეტი ადამიანი დავასაქმოთ.
გარდა ამისა, კომპანიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პერსონალის გადამზადებას, მათთვის ახალი დარგობრივი ტექნოლოგიების გაცნობას და შესაბამისი მიმართულებით დატრენინგებას. ჩვენს თითოეულ ობიექტზე დახვეწილია სტუმრის მიღების ფორმა და ეტიკეტი. თანამშრომლებს აქვთ ცოდნა, რომელსაც უზიარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენი ეს მიდგომა მომსახურების სფეროს მასტიმულირებელია, რითაც ის უფრო მაღალ საფეხურზე აგვყავს და ამით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც შეგვაქვს წვლილი.
მუდმივად სიახლეებზე, განვითარებასა და პროდუქციის მრავალფეროვნებაზე ფოკუსირებით, მომავალშიც არაერთი ამბიციური მიზანი დავსახეთ.
ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დედოფლისწყაროსა და სიღნაღში კაკლოვანი ჯიშების, კერძოდ კი კაკლის, ნუშისა და ზეთისხილის გაშენება. საქართველოში არსებული კლიმატური პირობებიდან და ნიადაგიდან გამომდინარე, პერსპექტიული სივრცეა შექმნილი. ივრის ნაპირის ტერიტორია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კაკლოვანი კულტურების გასაშენებლად. ამ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა და ექსპორტზეც გადის. ამ კუთხით, ჩვენ რეგიონის გამოცოცხლებას და ამ გეოგრაფიულ არეალში სოფლის მეურნეობის ახალი მიმართულების განვითარებას შევუწყობთ ხელს. თავის მხრივ, ეს მოიაზრებს ათიათასამდე ადგილობრივი ადამიანისთვის სამუშაო ადგილის შექმნას.
ქვეყნისთვის ახალი პოტენციური შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, ქართულ კომპანიებს — „ნიუ ჯეოგრაფიკი“ და „ქოლიერსი“ დავუკვეთეთ კვლევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ ივრისპირა რეგიონები — სიღნაღი და დედოფლისწყარო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს კვლევა უდიდესი სარგებლის მომტანია არა მხოლოდ „KTW ჯგუფისთვის”, არამედ მთელი რეგიონისა და ნებისმიერი დამწყები კომპანიისა თუ მცირე მეწარმისთვის, რომელიც ამ ტერიტორიებზე ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებაში საჭიროა კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოს, ბიზნესისა და იმ დონორი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაუდაბნოების საწინააღმდეგო დიდი პროექტებით. მალე გვექნება დასკვნა, რომელიც გვაჩვენებს სრულ სურათს, თუ რომელი მიმართულებების წარმოება იქნება მეტად მომგებიანი აღნიშნულ რეგიონებში.
2020 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნესისთვის. Covid 19-ის პანდემიამ ეკონომიკური განვითარება მთელ მსოფლიოში შეაფერხა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის შიდა წარმოება, რაც ამავდროულად ქმნის სამუშაო ადგილებს. ამასთან, ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მხოლოდ ვიწრო ჯგუფებზე არ არის გათვლილი და საზოგადოების ინტერესებსაც ემსახურება. როგორც ბიზნესმენი, ვფიქრობ, ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხიმგებლობა გვაკისრია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულები უნდა ვიყოთ პროდუქციის ხარისხზე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე. სწორედ ეს ორი მოცემულობა განაპირობებს ქვეყნის, შესაბამისად, მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ზურაბ ჩხაიძე, კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი