კლიმატის თაობაზე, მახვილი კუთხეების მომრგვალება
1995 წლის შემდეგ, ყოველი წლის მიწურულს, კლიმატური პოლიტიკით დაინტერესებული ათეულ ათასობით პირი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი მთელი მსოფლიოდან ერთ ადგილას იკრიბება. ორი კვირის განმავლობაში, ისინი საკონფერენციო დარბაზებს იპყრობენ. ეს პროცესი ბევრ საუბარს და ცოტა ძილს გულისხმობს. ზოგჯერ ერთ დარბაზში ასეულობით ადამიანი იყრის თავს, ხანაც, ისინი მცირერიცხოვან ჯგუფებად ნაწილდებიან. სუფთა ჰაერი ფუფუნებაა. სასმელები და კერძები საზიაროა. ბოლოს, ყველა ბრუნდება იქ, საიდანაც ჩამოფრინდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პანდემიის პირობებში, გაეროს ყოველწლიური კლიმატის ჩვეულებრივი სამიტი ვირუსის სუპერგამავრცელებელი მოვლენაა.
გასაკვირი არ არის, რომ 2020 წლის ღონისძიება (სახელწოდებით, COP26) 2021 წლის ნოემბრამდე გადაიდო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, გადაწყვეტილება აშკარა გახლდათ. შესაძლოა, ეს გამართლებაც იყო ბრიტანეთის მთავრობისათვის, რომელიც გლაზგოში სამიტის მასპინძელი უნდა გამხდარიყო. 2020 წლის დასაწყისში საკმაოდ ცხადი გახდა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს და მის გუნდს მთელი ყურადღება ბრექსითზე ჰქონდათ გადატანილი და კლიმატის საკითხებზე ნაკლებად აქტიურობდნენ. დავალების შესასრულებლად, მათ დამატებით 12 თვე მიეცათ.
როგორც ჩანს, დაყოვნებამ შედეგი გამოიღო. COP26-ის ძირითადი ამოცანაა 2015 წლის პარიზის შეთანხმების 200 წევრი სახელმწიფოს დარწმუნება, რათა მათ გამონაბოლქვების შემცირების შესახებ ნაციონალური დაპირებები უფრო ღრმად გაიაზრონ და გააუმჯობესონ. ჯერჯერობით, შეთანხმების ფარგლებში ,,ნაციონალურ დონეებზე განსაზღვრული კონტრიბუციების“ (NDCS) ჯამი კატასტროფული დათბობის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ არის. მოდელების მიხედვით, 2100 წლისთვის, პრეინდუსტრიულ ეპოქასთან შედარებით, მსოფლიოში 3˚C-ით დათბება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე შესაბამისი სამიზნე მაჩვენებელი − 1.5-2˚C.
დანაკლისის ასანაზღაურებლად, პარიზის შეთანხმების მონაწილეებს 2020 წლის ბოლოსათვის უფრო ამბიციური NDCS უნდა წარმოედგინათ. ეს მხოლოდ 15-მა მათგანმა გააკეთა − ძირითადად, მცირე ზომის, განვითარებადმა ქვეყნებმა, რომლებზეც გლობალური გამონაბოლქვის მხოლოდ 4,6% მოდის (ეს ქვეყნები კლიმატის ცვლილებიდან უკვე დიდ ზიანს იღებენ).
გლობალური კლიმატის პოლიტიკის თვალსაზრისით, 2021 წელი 2020 წლის 12 დეკემბერს დაიწყო (პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავზე). COP26-ის საზეიმო გახსნის სანაცვლოდ, იუბილე სამიტით აღინიშნება, რომლის მასპინძლები ბატონი ჯონსონი და გაეროს გენერალური მდივანი − ანტონიო გუტიერესი იქნებიან. ამ ღონისძიებაზე ახალი კლიმატური ვალდებულებების მომსწრენი გავხდებით. ახლახან, ჩინეთმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ საუკუნის შუა პერიოდისათვის გამონაბოლქვებს რადიკალურად ან მთლიანად შეამცირებენ. მსგავსი ნულოვანი ემისიის მიზნებით სხვა ქვეყნებიც წარდგებიან.
ევროკავშირი აცხადებს, რომ სათბური გაზების ემისიის ნულოვან ბალანსს 2050 წლისათვის მიაღწევს. იგულისხმება გლობალური გამონაბოლქვების საშუალო დონე, რომელიც პარიზის 1.5ºC-იანი მიზნის შესრულებას უზრუნველყოფს. ემისიის შესაბამისი მაჩვენებელი კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელმა, სამეცნიერო კონსორციუმმა წარმოადგინა. 2020 წლის სექტემბერში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნახშირბადის გამოყოფას (სხვა სათბური გაზები არ მოიაზრება) ნულოვანი ბალანსის დონემდე 2060 წლისთვის შეამცირებს. ევროკავშირმა და ჩინეთმა მიმდინარე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოსათვის კლიმატთან დაკავშირებული მიზნები მათი განახლებული NDCS-ის ფარგლებში დააფიქსირეს. ამ ამბიციური გეგმების შესრულების, ასევე 2030 წლის მიზნების (ემისიების პიკი, შემდგომი 55%-იანი შემცირება ჩინეთში და 1990 წლის დონემდე შემცირება ევროკავშირში) შესრულების გზები დეტალურად ჩინეთის მე-14 ხუთწლედის გეგმაში და ევროკავშირის ,,მწვანე შეთანხმებაში“ უნდა გაიწეროს.
თანაბრად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აყალიბებენ ქვეყნები გარდაუვალი დათბობის ზემოქმედებაზე ადაპტაციის გეგმებს (იანვრის კლიმატის ადაპტაციის ვირტუალურ სამიტზე) და როგორ ხორციელდება COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის ღონისძიებები. პანდემიის ფაქტორის ზემოქმედებით, მოსალოდნელია, რომ ნახშირბადის გლობალური ემისია 2020 წელს 8%-ით შემცირდება (შედარებით 2020 წლის პროგნოზთან, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური რეცესიის ეფექტის გარეშე). დაბრუნდება თუ არა ემისიები ჩვეულ ნიშნულზე (როგორც ეს მოხდა 2007-2009 წლების კრიზისის შემდეგ), დამოკიდებული იქნება ქვეყნების მიერ არჩეულ ეკონომიკური სტიმულირების გზებზე. ზოგიერთმა, ნიგერიის მსგავსად, უკვე გამოაცხადა გეგმა, რომ წიაღისეული საწვავის სუბსიდირება (როგორც ეკონომიკური გაჯანსაღების ღონისძიებების ნაწილი) ეტაპობრივად შემცირდება. სხვები, კანადისა და საფრანგეთის მსგავსად, ეკონომიკური სტიმულირებისათვის განკუთვნილი სახსრების გაცემას კლიმატის საკითხთან დაკავშირებული წინაპირობებით გეგმავენ. ევროკავშირი თავისი აღდგენითი ფონდის 30%-ს კლიმატურ ღონისძიებებზე დახარჯავს.
ასეთი ნაბიჯები ,,მწვანე“ ეკონომიკაზე გლობალურ გადასვლას და ტემპერატურის ზრდის შემცირებას ხელს შეუწყობს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური აღდგენის გეგმები კვლავ ითვალისწინებს ქვანახშირის სექტორის სამომავლო სტიმულირებას, რაც პარიზის შეთანხმების მიზნებს სრულიად ეწინააღმდეგება.
კლიმატის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მოთამაშე, რომელსაც 2021 წელს უნდა დავაკვირდეთ, აშშ იქნება. ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამერიკა დაბრუნდა. 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო დღეს, ამერიკამ პარიზის შეთანხმება ოფიციალურად დატოვა. შესაბამისი ნება დონალდ ტრამპმა 2017 წელს გამოხატა, მისი ინაუგურაციიდან 6 თვის შემდეგ. თეთრ სახლში შესვლიდან მალევე , ბატონი ბაიდენი ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს.
ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი 2050 წლისათვის ემისიების ნულოვანი ბალანსის მიღწევას ემხრობა. თუ ეს ჩინეთისა და ევროკავშირის დაპირებებთან ერთად შესრულდება, დასახელებულ ვადებში გლობალური გამონაბოლქვის 45%-ით შემცირებას უნდა ველოდოთ. საუკუნის შუა პერიოდამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ბატონი ტრამპის პრეზიდენტობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი საუკეთესო გეგმის უკუგდება ახალ ადმინისტრაციას შტატებში მარტივად შეუძლია. კლიმატის პოლიტიკის კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ბაიდენმა წარმატებას უნდა მიაღწიოს იქ, სადაც ბარაკ ობამამ ვერ შეძლო. ამის მყარი საფუძველი 2021 წელს უნდა შეიქმნას.
კეტრინ ბრაჰიჩი, გარემოს დაცვის რედაქტორი, The Economist