კვლავ გზაზე
ეს უკვე ნათელია: გასულ წელთან შედარებით, 2021 წელს, მოგზაურობა უფრო მარტივი იქნება. ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება. სულ უფრო მეტი ქვეყანა ვიზიტორებისთვის საზღვრებს გახსნის. შეზღუდვები ნაკლები იქნება, თუმცა ამ ზრდას (როგორც სტატისტიკოსებს უყვართ აღნიშვნა) ძალიან დაბალი ბაზა ექნება. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ფრენები ფაქტობრივად სრულიად აკრძალული, ხოლო ვიზიტორებისათვის საზღვრები უმეტესწილად ჩაკეტილი იყო (ან მძიმე შეზღუდვები დაწესდა), მიდგომების მცირეოდენი შერბილებაც მისასალმებელი გაუმჯობესება იქნება.
ნიშნები გამამხნევებელია. 2020 წლის სექტემბრისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დაკვირვების ქვეშ არსებული 217 სამოგზაურო მიმართულებიდან 115-ის შემთხვევაში, მგზავრობის შეზღუდვები შერბილდა. სასტუმროების დატვირთვის გლობალური მაჩვენებლები გაორმაგდა − აპრილის 22%-დან 47%-მდე აგვისტოში. მოგზაურობა ბევრს სურს. Skyscanner-ის − ფასების შედარების ვებგვერდის მიხედვით, მაღალი გადავადებული მოთხოვნა ფიქსირდება. ყოველ ჯერზე, როდესაც ბრიტანეთი კარანტინისგან თავისუფალი ქვეყნების ნუსხას ახალ ქვეყანას ამატებს, საიტზე ძებნის რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ჩინეთში, სადაც COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მცირეა, შიდა საჰაერო მიმოსვლა აგვისტოში პანდემიის წინა დონეს მიუახლოვდა.
2021 წლის მოგზაურობებს სამი დიდი ცვლილება განსაზღვრავს. პირველია სიხშირე და ხანგრძლივობა. ხანმოკლე ვიზიტები საზღვრისპირა რეგიონებში კვლავ რთული იქნება. საზღვრების გახსნისას, ქვეყნების უმეტესობა ვიზიტორებისათვის (ან დაბრუნებული მოქალაქეებისათვის) 2-კვირიან კარანტინს დააწესებს. ასეთ შემთხვევაში, სამდღიანი დასვენება 31-დღიან გამოცდად გადაიქცევა. შედეგად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდება, ხოლო ხანგრძლივობა მოიმატებს. ტაილანდს, რომლის მშპ-ის 20%-ს 2019 წელს ტურიზმი შეადგენდა, ვიზიტორების მიღება სურს. თუმცა, არსებული პირობით, ტურისტები ამ ქვეყანაში სულ მცირე 90 დღე უნდა დარჩნენ. მსგავს მიდგომას ბევრი ქვეყანა აირჩევს.
მეორე ცვლილება მანძილია. 2021 წელს შიდა ტურიზმის ბუმი იქნება. მსხვილი ტურისტული ქვეყნები, საერთაშორისო ვიზიტორების დანაკლისის ანაზღაურებას შვებულებებისას შიდა მოგზაურობების წახალისებით ცდილობენ. ავიაკომპანიები ამერიკაში ფსონს ჰავაიზე ჩამოდიან. სინგაპური თავის მოქალაქეებს 100 სინგაპურულ დოლარს (75 აშშ დოლარს) აძლევს, ადგილობრივ ატრაქციებზე დასახარჯად. Airbnb-ის ინტერნეტგვერდიც კი მის მომხმარებლებს ,,ახლოს“ დასვენებას მოუწოდებს. დამსვენებელთა დარწმუნება რთული არ იქნება. უცხოეთში გამგზავრება შესაძლებელია, მაგრამ გართულებული: უამრავი შესავსები ფორმა, COVID-19-ის აუცილებელი ტესტირებები, ჩარჩენის (ჩაკეტვის) რისკი. ყოველივე ეს უცხოეთში მოგზაურობას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
მესამე ცვლილება საშვებულებო დასვენების ხასიათს უკავშირდება. მოგზაურობების რაოდენობის შემცირებისა და ხანგრძლივობის ზრდის ფონზე, დისტანციურად მომუშავეებს საცხოვრებლად უფრო მოსახერხებელი ადგილების შერჩევა შეუძლიათ. ისინი აირჩევენ ქვეყნებს, სადაც გადაადგილებაზე ნაკლები შეზღუდვებია. ამას შეიძლება ,,ლოკდაუნის არბიტრაჟი“ ვიწოდოთ. ბევრი ასეთი ცვლილება ვაქცინაციის ფართოდ გავრცელების შემდეგაც შენარჩუნდება. მოგზაურები ვიზიტების გახანგრძლივებას, გაზრდილ მოქნილობას, მუშაობისა და დასვენების შეთავსებას მიეჩვევიან. საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის დონემდე ეტაპობრივად აღდგება, თუმცა 2021 წელს და შემდგომაც, ის განსხვავებული იქნება.
ლეო მირანი, ბრიტანეთის უფროსი კორესპონდენტი, The Economist