დაპირისპირება, სირთულეები და კრიზისი

2021 წელს მსოფლიოს ახალი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება ექნება. ბირთვული შეიარაღების აკრძალვის შეთანხმება (TPNW) მხარეებს ავალდებულებს მსგავსი საბრძოლო საშუალებები არ შეიმუშაონ და არ განალაგონ. შეთანხმება 2017 წელს შედგა და ამჟამად ხელმომწერ ქვეყანათა რაოდენობა 84-ია. არანაკლებ 50 ხელმომწერი ქვეყნის მიერ, რატიფიცირებიდან 90 დღის შემდეგ, შეთანხმება ამოქმედდება. 2020 წლის 24 ოქტომბერს ჰონდურასი 50-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამ დღიდან დროის ათვლა დაიწყო და 2021 წლის 22 იანვრიდან ბირთვული შეთანხმება მოქმედია.

თუმცა, ახალი შეთანხმება ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებული ოპტიმიზმის ახალ ერას არ ნიშნავს. პირიქით − ეს იქნება მზარდი განგაშის ნიშანი, რომ შეზღუდვები საშიშ დონემდე სუსტდება. ბირთვული სახელმწიფოები ახალი შეთანხმების გაფორმებას არ აპირებენ. ბირთვული ნერვიულობის წელიწადს უნდა ველოდოთ, მათ შორის − დაპირისპირებით, სირთულეებით და შესაძლო კრიზისით.

დაპირისპირება ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შეთანხმების (NPT) 5-წლიანი პერიოდის მიმოხილვით კონფერენციაზე (RevCon) იქნება. კონფერენცია 2020 წელს ნიუ იორკში უნდა გამართულიყო და ამ შეთანხმების 50-ე წლისთავსაც აღნიშნავდა. ღონისძიება პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის იანვრისთვის ჩაინიშნა. ახალი თარიღიც სათუოა. კონფერენციის გადადება შესაბამისი საკითხის ირგვლივ პირქუშ განწყობებს არ გაფანტავს.

NPT-ის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბირთვული შეიარაღების არმქონე სახელმწიფოები ამგვარი იარაღის შემუშავებაზე უარს ამბობენ, ხოლო ბირთვული ქვეყნები საკუთარ არსენალებს ეტაპობრივად ამცირებენ. წინა RevCon, 2015 წელს, უშედეგოდ, კონსენსუსის გარეშე დასრულდა. მას შემდეგ, განსხვავებები კიდევ უფრო გაღრმავდა. ზოგიერთი ბირთვული შეთანხმება გაუქმდა (საშუალო სიშორის ბირთვული შეიარაღების შესახებ რუსეთსა და ამერიკას შორის), ზოგიც ამასთან ახლოსაა (ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც ამერიკის გასვლის მიუხედავად, ჯერჯერობით ისევ ძალაშია). ახალი ხელშეკრულება (TPNW) ზოგიერთი არაბირთვული სახელმწიფოს პასუხია იმაზე, რომ ბირთვულ ქვეყნებს განიარაღება არ სურთ და შესაბამის არსენალს ინარჩუნებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, NPT არ მუშაობს.

მოსალოდნელი სირთულეები ამერიკა-რუსეთის შეთანხმებას (ახალი სტარტი) უკავშირდება, რომელიც ამ ქვეყნების სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს ზღუდავს და ადგილებზე ურთიერთინსპექტირების საშუალებას იძლევა. შეთანხმება 2021 წლის 5 თებერვალს შეწყდება, თუ მხარეები მის მოქმედებას 5 წლით არ გააგრძელებენ. შეწყვეტის შემთხვევაში, ორი ბირთვული სუპერსახელმწიფო (რომლებიც მსოფლიო ბირთვული არსენალის 90%-ს ფლობენ) შეთანხმების გარეშე აღმოჩნდება. ასეთი ვითარება ბოლო 59 წლის განმავლობაში არ დამდგარა. თუ ეს ახალი ბირთვული შეჯიბრის მომასწავებელია, ამერიკის მთავარმა მომლაპარაკებელმა − მარშალ ბილინგსლიმ, მაისში განაცხადა: ,,ჩვენ ვიცით, როგორ მოვიგოთ ეს რბოლა და ჩვენ ვიცით, როგორ გავისტუმროთ მოწინააღმდეგე დავიწყებაში“.

ტრამპის ადმინისტრაციას შეთანხმების ვადის ამოწურვის ჩინეთზე ზემოქმედებისათვის გამოყენება და სამმხრივი ბირთვული ხელშეკრულების გაფორმება სურდა (ჩინეთს შედარებით მცირე ბირთვული არსენალი აქვს, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ სწრაფად აფართოებს). ჩინეთმა საკუთარი თავისთვის შეზღუდვების დაწესება არ ისურვა. ივნისში შეთანხმების ახალ სტარტზე მოლაპარაკებების დროს, ჩინეთის დროშების ფონზე ცარიელი სკამები ფოტოებზე მიზანმიმართულად აღბეჭდეს. ჩინელმა დელეგატებმა შეხვედრაზე დასწრებაზე მაშინ უარი განაცხადეს. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბატონმა ბილინგსლიმ განაცხადა, რომ შეთანხმება ,,ძალიან, ძალიან ახლოსაა“, თუმცა ახალი სტარტისათვის დრო სულ უფრო ცოტა რჩება.

ბირთვული კრიზისი 2021 წელს? შეშფოთებას იწვევს ის, რომ პოტენციური მიზეზების ნუსხა გრძელია. ეს ჩამონათვალი მოიცავს ავარიებს, ბირთვულ ობიექტებზე კიბერშეტევებს, იარაღის უპასუხისმგებლო ჟღარუნს, ბირთვული იარაღის ახალ გამოცდებს ჩრდილოეთ კორეაში, ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტის ესკალაციას, დაძაბულობას ინდოეთსა და პაკისტანს შორის (ქაშმირის საკითხი), ირანის ბირთვული პროგრამის შემდგომ სამხედრო განვითარებას, ბირთვულ კლუბში გაერთიანების მოსურნე ქვეყნებს, რადიკალური ჯგუფების მცდელობებს ,,ბინძური ბომბის“ მოსაპოვებლად. 2020 წელს პანდემიის რისკის მიმართ მსოფლიო ძალზე გულდამშვიდებული აღმოჩნდა. 2021 წელს, ბირთვულ საკითხებთან მიმართებაში, იგივე შეცდომა არ უნდა განმეორდეს.

დენიელ ფრანკლინი, დიპლომატიის რედაქტორი, The Economist