გასული წლის შესახებ... ჰმ...

კარგი, ჩვენ ამის წინ განჭვრეტა ვერ შევძელით. ისევე, როგორც ყველამ, ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ COVID-19-ის აფეთქება, რომლის პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და გაჭირვების გავრცელების, ასევე, დიდი თუ მცირე ღონისძიებების გადადების პარალელურად, პანდემიას კიდევ ერთი ეფექტი ჰქონდა (თუმცა, ნაკლებად მნიშვნელოვანი) – 2020 წლის პროგნოზების უმეტესობა არარელევანტური გახდა, მათ შორის ჩვენიც.

ჩვენ გლობალური ეკონომიკის შენელებას ველოდით, მაგრამ არა დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდ ვარდნას. ჩვენ ასევე ველოდით ჩინურ-ამერიკული დაძაბულობის გაგრძელებას, ჩინურ ექსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ არა ვირუსის სახეობის თაობაზე. კიდევ, ჩვენ ველოდით მოქმედებას სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად, მაგრამ არა პანდემიის ფონზე ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორების შეკვეცით გამოწვეულ 8%-იან წლიურ შემცირებას (ყველაზე დიდი მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ).

თუმცაღა, მართალნი აღმოვჩნდით რამდენიმე მოვლენის პროგნოზირებისას, რომლებიც პანდემიის გლობალურ გავრცელებამდე მოხდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი შედგა, მაგრამ სენატმა იგი არ გაასამართლა. ცაი ინგ-ვენმა ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. ბრიტანეთის საერთო არჩევნებზე მარცხის შემდეგ, ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი გახდა. მანამდე, ჩვენ ის შესაძლო სიურპრიზად მივიჩნიეთ ვისთვისაც თვალყური უნდა გვედევნებინა.

ინტერნეტთან დაკავშირებული ჩვენი ზოგიერთი პროგნოზიც გამართლდა. ადამიანები და აქტივობები ციფრული სამყაროსკენ მიილტვიან. პოპულარული ვიდეოთამაში − Fortnite სამეცნიერო ფანტასტიკაში აღწერილ ვირტუალურ სამყაროსთან ყველაზე ახლოს მდგარ მოვლენად მივიჩნიეთ. ამ პოპულარული თამაშების მესვეურებმა ცნობილი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის, ტრევის სკოტის კონცერტს უმასპინძლეს. ზოგიერთმა მიმომხილველმა აღნიშნულ კონცერტს ამ უჩვეულო წლის გამორჩეული მუსიკალური მოვლენა უწოდა. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ მოზარდებს შორის ჩინური აპლიკაცია TikTok-ის პოპულარობის გაცნობიერება ,,ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ახლახან დაიწყეს“. საბოლოოდ, TikTok სუპერსახელმწიფოთა ურთიერთდაპირისპირებაში აღმოჩნდა ჩართული. ეს თანხვედრაშია ჩვენი პროგნოზის სულისკვეთებასთან, რომ მსგავს ვითარებაში, Huawei-ის გარდა, სხვა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიებიც აღმოჩნდებოდნენ.

თუმცა, უმეტესწილად, ჩვენი პროგნოზები არ გამართლდა. ჩვენი პროგნოზისტების სიამაყეზე ერთ-ერთი დარტყმა აღმოჩნდა GPT-2. ეს პროგრამა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპკომპანია OpenAI-იმ შექმნა. GPT-2-ში ბევრი ტექნოლოგიური საკითხის სწორად რეალიზება მოხერხდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ,,ინტერვიუ“ GPT-2-თან სერიოზულად ვერ აღიქმება, თუმცა პროგრამამ ბევრი სწორი პროგნოზი შემოგვთავაზა: ,,მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი რყევები გვექნება“; ,,მასშტაბური ცვლილებები ჩინეთში“; დონალდ ტრამპი ◊არჩევნებში დამარცხდება“.

ფუტურისტებს უყვართ საუბარი იმაზე, თუ როგორ დაიკავებენ მომავალში მანქანები ადამიანთა სამუშაო ადგილებს. ათწლეულების განმავლობაში წარმოდგენილი უამრავი ასეთი პროგნოზის მიუხედავად, მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. შესაძლოა ამ მოსაზრებების ავტორები საკუთარი სამუშაო ადგილების დაკარგვას უფრთხიან. ჩვენთვის და მომავლის სხვა მჭვრეტელთათვის 2020 წელი ნამდვილი სასჯელი იყო. ასეთ ფონზე, 2021 წლისათვის პროგნოზისტების უფრო მეტ მოკრძალებულობას ელით? ამაზე ფსონს ნუ ჩამოხვალთ.

ტომ სტენდეიჯი, რედაქტორი, The World in 2021