ბეტონის უწესრიგობა

დიდ ქალაქებში, როგორც ჩანს, უბედურება ყოველთვის ჩასაფრებულია. 1948 წელს, ამერიკელი ესეისტი ე.ბ. ვაითი წუხდა, რომ ,,ნიუ იორკის განადგურება ბატების გუნდისოდენა თვითმფრინავების ჯგუფის მიერ ერთი გადაფრენისას“ ჩამოყრილ ბომბებს შეეძლო. დიდი ქალაქები ბევრ წიგნსა და ფილმში განადგურებულან (მაგალითად, ,,სამყაროთა ომები“, ,,ცათამბჯენი“, ,,გოძილა“). მეგაპოლისებზე ახალი ვირუსების დამანგრეველი შეტევა განსაკუთრებით მოულოდნელ მოვლენად ნამდვილად არ გამოიყურება.

COVID-19 დიდ ქალაქებში უბრალოდ როდი შეიჭრა. ის ამ ქალაქების მკვიდრებს კლავდა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ექიმები მკურნალობის გზებს დაადგენდნენ. ვირუსის გავრცელებას თავდაცვითი რეაქცია მოჰყვა, რომელიც მეგაპოლისებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თეატრები, ღამის კლუბები და ოფისები იძულებულნი ხდებიან დაიხურონ (ან ხალხს მათი მონახულება ეშინია), სოფლებსა და პატარა ქალაქებზე გავლენა მინიმალურია. საპირისპიროდ, ასეთ ვითარებაში დიდი ქალაქები ფუნქციონირებას თითქმის წყვეტენ.

საწყის პანიკაში, ქალაქების ბევრმა მკვიდრმა თავს გაქცევით უშველა. მობილური ტელეფონების ჩანაწერების თანახმად, პარიზელების 17%-მა საცხოვრებელი მარტში ლოკდაუნის შემოღებამდე ერთი კვირით ადრე დატოვა. მომდევნო თვეების განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში ქალაქელებმა საკუთარი დამოკიდებულება საკუთრების მიმართ ხელახლა გაიაზრეს. Ipsos Mori-ის მიერ 2020 წლის ივნისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველა თაობის ბრიტანელები სახლის მახასიათებლებს შორის კერძო ბაღის ან ეზოს ფლობას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ (უფრო მეტად, ვიდრე უსაფრთხო საკეტებს და კარგი ხარისხის ინტერნეტის ქსელს). წლების განმავლობაში, მეგაპოლისების გარეუბნები ასე მიმზიდველად არ გამოიყურებოდა.

ასე რომ, დიდი ქალაქები 2021 წელს საშინელ მდგომარეობაში ხვდებიან: ოფისებში სიჩუმე; დახურული თეატრები; საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააგენტოები მთავრობის დახმარების მოლოდინში. ურბანულ ზონებში, სერვისის სექტორში დასაქმებულებს ქირის გადახდა კვლავ გაუჭირდებათ (ყავის მომდუღებლები, მანიკიურის ოსტატები, სენდვიჩებით მოვაჭრეები, იოგას ინსტრუქტორები და სხვა). თუმცა, წლის ბოლოსათვის, ვითარება გაუმჯობესდება.

ქალაქებში ჩვეული ცხოვრება აღდგება, არა იმიტომ, რომ COVID-19-ის ვაქცინა ან მკურნალობის უკეთესი მეთოდი გამოჩნდება (თუმცა ეს პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება), არამედ მათი ადაპტაციის უნარის გამო. დიდ ქალაქებს შოკებთან შეგუება შეუძლიათ. როდესაც წარსულის ინდუსტრიული დარგები კვდებოდა, ბამბის საწყობები ოფისებად, რკინიგზის ხაზები პარკებად, პირუტყვის სასაკლაოები ბუტიკებად გარდაიქმნენ. მაღაზიები და ოფისები მუდმივად თუ დაცარიელდება, შესაბამის სივრცეებს ახალი ფუნქცია მოეძებნება. როგორც ჩანს, ამ მოქნილობამ ქალაქებს პანდემიის პერიოდში ზიანი მიაყენა. ,,თეთრსაყელოიანი“ დასაქმებულები შინიდან დისტანციურ მუშაობაზე გადაერთნენ. მათ ავტობუსის ბილეთებისა და სენდვიჩების შეძენა შეწყვიტეს. მეორე მხრივ, ასეთი ადაპტაციის გარეშე, ზიანი კატასტროფული იქნებოდა.

მეგაპოლისებს ნიჭიერი ადამიანების მიზიდვის ძლიერი უნარი კვლავ აქვთ. Black Lives Matter საპროტესტო გამოსვლებმა და არალეგალურმა ურბანულმა რეივ-მოძრაობამ აჩვენა, რომ ქალაქების ახალგაზრდობას ერთად შეკრება ჯერ კიდევ სურს. ოფისების საშუალო ასაკის მუშაკებს შესაძლოა განსხვავებული განწყობა ჰქონდეთ. არსებობს პროგნოზები, რომ ცოდნაზე დაფუძნებული დარგები ურბანულ ცენტრებს მიატოვებენ და მცირე ზომის სატელიტურ ოფისებში გადაინაცვლებენ. თუმცა ასეთი პროგნოზები ოფისის დანიშნულების არასწორ გაგებას ემყარება. ეს არ არის ადგილი სატელეფონო ზარებზე საპასუხოდ ან კომპიუტერზე ტექსტების ასაკრეფად. უპირველესად, ოფისი სივრცეს წარმოადგენს, სადაც იდეების გაზიარება ხდება. ცენტრის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალაქგარეთ მდებარე სატელიტური ოფისი შესაძლოა სამუშაო სივრცედ სახელდახელოდ გადაკეთებულ საძინებელზე უკეთესი არ იყოს.

ზოგიერთნი ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში ან მცირე ზომის ქალაქებში გადაინაცვლებენ. ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. შიდა მიგრაციის უარყოფითი ბალანსი დიდი გლობალური მეგაპოლისების პრაქტიკულად საერთო მახასიათებელია. მათი მოსახლეობის ზრდა შობადობას და მიგრანტების ნაკადების შემოდინებას ეყრდნობა.

მათ, ვისაც სჯერა, რომ ქალაქებიდან მოსახლეობის გადინება წყალდიდობად გადაიქცევა, გარეუბნებში სახლის ან კორპუსის მშენებლობისთვის ნებართვის მიღება ბოლო ხანებში ალბათ არ უცდიათ. ქალაქები ძლიერ დარტყმას მიიღებენ, მაგრამ წელში კვლავ გაიმართებიან.

ჯოელ ბადი, სოციალურ საკითხთა რედაქტორი, The Economist