კრიტიკული ხედვა

2020 წლის 5 მარტს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 50 წელი, ხოლო მოქმედების ვადის განუსაზღვრელად გაგრძელებიდან 25 წელი სრულდება. შეთანხმების მომხრეებს შეუძლიათ იზეიმონ, რომ ბირთვულ იარაღს ისტორიაში სულ 13 სახელმწიფო ფლობდა. მათგან ოთხმა ბირთვულ არსენალზე უარი თქვა. ესენია სამხრეთ აფრიკა, ბელარუსი, ყაზახეთი და უკრაინა. თუმცა საზეიმო აღნიშვნები მოკლევადიანი იქნება. 29 აპრილიდან 10 მაისამდე, დიპლომატები ნიუ იორკში შეიკრიბებიან და ხელშეკრულების ხუთწლიანი პერიოდის მიმოხილვის მიზნით, კონფერენციას გამართავენ (ფართოდაა ცნობილი, როგორც RevCon). ბოლო რამდენიმე ასეთი შეკრება წარუმატებელი აღმოჩნდა. ბირთვული იარაღის მფლობელ და არმქონე ქვეყნებს შორის თანხმობა არ არსებობდა. ასე რომ, 2005 და 2015 წლებში კონფერენციაზე საერთო თანხმობის დოკუმენტის შემუშავება ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს, 2020 წლის შეკრება კატასტროფული იქნება. 

ნაწილობრივ ამის მიზეზი ისაა, რომ ბირთვული წესრიგი ჩამოშლის პროცესშია. მრავალმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვით 2015 წელს ირანის ბირთვული პროგრამა შეიზღუდა, კიდევ უფრო სავალალო ვითარებაში აღმოჩნდება. შეთანხმება ამერიკამ 2018 წელს დატოვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ირანმა ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. ირანი ურანის მარაგს გაზრდის და ახალ, უფრო სწრაფ ცენტრიფუგებს ააგებს. ამ გზით, იგი ატომური ბომბის შექმნისათვის საჭირო დროს შეამცირებს (თუ ამას გადაწყვეტს). ამერიკასთან მოლაპარაკებების მდორე ტემპით და სანქციების შემსუბუქების არარსებობით გაღიზიანებული ჩრდილოეთ კორეა ბირთვულის საწვავის მოპოვებას გააგრძელებს და შესაძლოა, მოქმედების დიდი რადიუსის მქონე რაკეტების გამოცდებიც განაახლოს. შფოთვის წინამძღვრები NATO-ს წევრებშიც კი შეინიშნება. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ თაიფ ერდოღანმა სექტემბერში დაიჩივლა: „ზოგიერთ ქვეყანას აქვს რაკეტები ბირთვული ქობინებით, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენთვის ეს არ შეიძლება, − მე ამას ვერ მივიღებ“.   

ამასთან, ნიუ-იორკში შეკრებილი ბევრი დიპლომატისთვის პრობლემა იქნება არა მარტო ზოგიერთი ქვეყნის ურჩობა, არამედ თვით ხელშეკრულების დიდსულოვნება. ხუთ ქვეყანას: აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთსა და რუსეთს, ბირთვული იარაღის ფლობის უფლება ოფიციალურად აქვს. ამდენად, ხელშეკრულება შეიძლება აღვიქვათ, როგორც გარიგება. ქვეყნების უმრავლესობამ ბირთვულ შეიარაღებაზე სამუდამო უარი განაცხადა. სანაცვლოდ, ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად, ბირთვულმა ხუთეულმა ბომბების დათმობის შესახებ მოლაპარაკებების „კეთილი ნების“ პრინციპით წარმართვის მზადყოფნა გამოხატა. ბევრი ქვეყანა (ისეთი განსხვავებულები, როგორებიც არიან ირლანდია, მექსიკა და ახალი ზელანდიაა) უკმაყოფილოა, რომ ბირთვული სახელმწიფოები, როგორც ჩანს, საპირისპირო მიმართულებით მიდიან. 

ეს განსაკუთრებით მართალია აშშ-ისა და რუსეთის შემთხვევებში. ორივე მათგანი ბირთვული არსენალის მოდერნიზაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს. მათ შორის, განიხილება ახალი, ეგზოტიკური სისტემების შექმნაც, როგორიცაა რუსული ბირთვულ ძრავზე მომუშავე ფრთოსანი რაკეტა. ორივე ქვეყანა ბლოკავს ნებისმიერ შეთანხმებას, რომლებიც შესაძლო ახალი გამალებული შეიარაღების კონტროლს ითვალისწინებს. საშუალორადიუსიანი ბირთვული შეიარაღების შეთანხმების 2019 წლის აგვისტოში მოშლის შემდეგ, ამერიკა ახალი ტიპის საშუალორადიუსიან რაკეტას გამოცდის. NATO-ში ანალოგიური რუსული იარაღისგან თავდაცვის გზებს განიხილავენ. იმავდროულად, მსოფლიოში იზრდება შეშფოთება ახალი START (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმება) ხელშეკრულების ბედის გამო. START-ის (რომლის მეშვეობით გრძელრადიუსიანი რაკეტების არსენალის კონტროლი ხორციელდება) ხელშეკრულების განახლება 2021 წლის თებერვალში იგეგმება. ამერიკა სულ უფრო მტკიცედ მოითხოვს მცირე მოცულობის მსგავსი არსენალის მფლობელი ჩინეთისგან, რომ ამ ხელშეკრულებას შეუერთდეს. სხვები ამერიკის ასეთ ჯიუტ მოთხოვნას უმოქმედობის გამართლების ცინიკურ მცდელობად განიხილავენ. 

ბირთვული უწესრიგობისა და სუპერსახელმწიფოების თვითკმაყოფილების შთაბეჭდილება გადაუდებლობის ცხად განცდას ბადებს. პროგრესის მიღწევის მიზნით, ზოგიერთი ქვეყანა ახალი სქემების მიღებას შეეცდება. ცდილობს რა, აჩვენოს კეთილი ნება, ამერიკა მხარს უჭერს „ბირთვული განიარაღებისთვის გარემოს შექმნის“ ინიციატივას. ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეცვლის გააზრებას ისე, რომ ამერიკამ და სხვებმაც ბირთვულ შეიარაღებაზე უარი თქვან. შვედეთი „საფეხურებრივ“ მიდგომას წარადგენს, რომელიც მცირე ნაბიჯებით წინსვლას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ბირთვული სახელმწიფოების უსაფრთხოების პოლიტიკაში ბირთვული შეიარაღების მნიშვნელობის შემცირება. 

თუმცა, ყველაზე რადიკალური მიდგომაა ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც 2017 წელს 122-მა სახელმწიფომ მოიწონა. ხელშეკრულებას ხელი უკვე 70-მა ქვეყანამ მოაწერა. ინიციატივა ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოებიდან მოდიოდა, რომლებმაც ბირთვული ომის საშინელ ჰუმანიტარულ შედეგებს გაუსვეს ხაზი. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ 2015 წელს RevCon-ზე პროგრესისა და კონსენსუსის არარსებობის გამო და კამათის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გადატანა გადაწყვიტეს, სადაც გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. 

შესაძლოა, შეთანხმება ძალაში 2020 წლის ბოლომდე შევიდეს, როდესაც მის რატიფიცირებას 50 სახელმწიფო მოახდენს. RevCon-ის მიმართ იმედგაცრუებამ შესაძლოა პროცესი დააჩქაროს. ზოგი ბირთვული სახელმწიფო, როგორიცაა აშშ და რუსეთი, მის მიერ ხელმოუწერელი ხელშეკრულების იურიდიულ და დიპლომატიურ ვალდებულებებს თავს აარიდებს. სხვები, როგორიცაა მაგალითად საფრანგეთი, სტანდარტული საერთაშორისო სამართლის კონტექსტში ამ ხელშეკრულების ზეგავლენის გამო ღელავენ და მას ყოველმხრივ შეეწინააღმდეგებიან. შეთანხმების ინიციატორთა მტკიცებით, იგი ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას უფრო ავსებს, ვიდრე ეწინააღმდეგება. თუმცა ბევრი შიშობს, რომ ლეგიტიმაციის კონტექსტში, ორი შეთანხმება ერთმანეთს კონკურენციას უწევს. 

შესაძლოა, ყველაზე ფეთქებადი საკითხი ეხებოდეს ისრაელს − ქვეყანას, რომელიც ბირთვული იარაღის ფლობას ოფიციალურად არ აღიარებს (წინა RevCon-ის ჩავარდნა სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია). ბევრისათვის, ვისაც მსოფლიოს ხილვა მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე სურს, ამგვარი შეიარაღებისგან თავისუფალი ახლო აღმოსავლეთი პროგრესის მთავარი ტოტემი გახდა. ამერიკა ამ კონცეფციაში ცუდად შენიღბულ საფრთხეს ხედავს, მოკავშირე ისრაელის მიმართ. ისრაელი არაბული ქვეყნების გარემოცვაში იმყოფება, რომელთაგან ბევრი ებრაული სახელმწიფოს არსებობის უფლებას არ ცნობს. ისრაელი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს და ირანის ბირთვული პროგრამით შეშფოთებულია, სანტიმეტრსაც კი არ დათმობს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების „დაბადების დღის სადღესასწაულო ტორტი“ შესაძლოა „იატაკზე დაენარცხოს“.

შაშანკ ჯოში, თავდაცვის რედაქტორი, The Economist