რეალური „ინფლუენსერები“

ორივე პარტიის მხრიდან, სკანდალური სტატიებისა და სხვადასხვა შეთქმულების თეორიების გავრცელების საუკეთესო საშუალებად Facebook-ი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩამოყალიბდა. სოციალური ქსელი ოპტიმიზებულია „ჩართულობისთვის“ და ადამიანებს მეტი „დასქროლვისთვის“, „დაკლიკებისთვის“, კომენტარების ატვირთვისთვის ახალისებს. ეს ყოველივე მძაფრი რეაქციების ამძრავი კონტენტის გამოქვეყნებით მიიღწევა. თუმცა, ჟურნალისტების, კანონმდებლებისა და ქსელის მომხმარებლების მიერ პრობლემის აღქმისთვის, საჭირო გახდა მასობრივი რუსული პროპაგანდული კამპანიის მხილება. რაიმე მსგავსს უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვისაც. ამჯერად, ყურადღების ცენტრში Instagram-ი აღმოჩნდება (რომელიც Facebook-ის საკუთრებაა). 

Instagram-ის პოპულარობამ 2016 წლის შემდეგ იფეთქა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მომხმარებლები Facebook-ის მოუქნელი ინტერფეისით და კონფიდენციალურობის არაეფექტიანი კონტროლით დაიღალნენ. სანაცვლოდ, Instagram-ი მიმზიდველ ფოტოებს გვთავაზობს და სარგებლობისას იოლია. 2016 წლის მიწურულს ამ პლატფორმის განსაკუთრებული ზრდა „ამბების“ ფუნქციის დამატებას უკავშირდება. ეს არის ფოტოებისა და ვიდეოების პარალელური სივრცე, რომელიც გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ იშლება. Instagram-ის ტრადიციული პროფილი („ბადე“), მომხმარებლების მხრიდან გულდასმით კონტროლდება, რათა მათი ცხოვრების მომენტები საუკეთესოდ იყოს წარმოდგენილი. ამავე დროს, „ამბების“ ფუნქცია მსგავსი ყოველდღიური მომენტების უფრო მხიარულ ფორმებში აღბეჭდვის საშუალებას იძლევა. აქ გადამწყვეტია იმის რწმუნება, რომ გამოქვეყნებული პოსტები საჯაროდ დიდხანს არ შენარჩუნდება. 

მიდგომამ გაამართლა, განსაკუთრებით − უფროსი ასაკის მომხმარებლებში. 2016 წლის ივნისში Instagram-ს 500 მლნ მომხმარებელი ჰყავდა. 2018 წლის ივნისში, ამ მაჩვენებელმა მილიარდს მიაღწია. ამერიკის კონგრესის წევრთა ნახევარი და სენატის სამი მეოთხედი ამ სოციალური ქსელის მომხმარებელია. თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა ახლა გაცილებით ბევრია. მეტიც − მომხმარებელთა ჩართულობის დონე ძალიან მაღალია. პოლიტიკურ ვებგვერდ Axios-ის მონაცემებით, Instagram-ის სიდიდით მეათე პროფილზე სამჯერ მეტი ინტერაქცია ფიქსირდება, ვიდრე Facebook-ის ყველაზე მსხვილი ანალოგის შემთხვევაში. 

ამბების ფუნქციამ Instagram-ი შეცვალა. ვიზუალურ მასალასთან ერთად, ტექსტის ატვირთვაც შესაძლებელი გახდა. მომხმარებლებს სხვათა პოსტების უფრო მარტივად ხელახალი გაზიარების საშუალება მიეცათ. ტექსტური მასალისა და გაზიარების ამ კომბინაციამ, მომხმარებელთა უზარმაზარი ბაზის გათვალისწინებით, Instagram-ი უფრო Facebook-ის მსგავსი და პროპაგანდისტებისთვის მიმზიდველი გახადა. საუკეთესო ის არის, რომ სოციალური ქსელი კვლავ მზის ჩასვლის, ყავის ჭიქების და მიმზიდველი, ახალგაზრდა „ინფლუენსერების“ ფოტოების გავრცელების უწყინარ ადგილად განიხილება. ასეთი აღქმა კი, მომხმარებელთა ყურადღებას ადუნებს. 

თუმცა, პოლიტიკოსებმა Instagram-ი დიდი ხნის წინ აითვისეს. სენატის დაზვერვის კომიტეტის დავალებით მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებისას, ამ სოციალური ქსელის როლი სათანადოდ შეფასებული არ იყო. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიის მიერ Facebook-ზე და Twitter-ზე აქტივობების გამოვლენის შემდეგ, 2017 წელს, რუსმა პროპაგანდისტებმა აქცენტი Instagram-ზე გადაიტანეს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებისთვის, Instagram-ი გახდება „არჩევანი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მიმებზე დაფუძნებული დეზინფორმაციის გავრცელება სურთ“. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ „რუსული ჩარევის გარდა, Instagram-ი ადგილობრივი მისტიფიკაციებისა და შეთქმულების თეორიების ასპარეზიცაა“. 

უკვე იზრდება წინააღმდეგობრივ საკითხებს (როგორიცაა პოლიტიკური მიმები ან ვაქცინაციები) მიძღვნილი პროფილების რაოდენობა. ამ პროფილების „მიმდევრებს“ სთავაზობენ ანალოგიური შინაარსის სხვა გვერდების მონახულებას, აწოდებენ ალგორითმულად შერჩეულ გამამყარებელ მოსაზრებებს (ისევე, როგორც Facebook-ის სიახლეების გვერდებზე ექსტრემალური აზრების თავზე მოხვევა). მომხმარებლებს თავიანთ გვერდებზე პოლიტიკური აზრის გამოხატვაც შეუძლიათ. მაგალითად, პროფილის სურათის წითელ ფერში ჩვენება − ქაშმირის მხარდაჭერის ნიშნად, ან ლურჯ ფერში − სუდანის მხარდაჭერის ნიშნად. 

2016 წლის შემდეგ, Facebook-ი ფაქტების შემმოწმებელ სააგენტოებს დაუკავშირდა, ათასობით კონტენტის მოდერატორი დაიქირავა და მგრძნობიარე მასალების გავრცელების შეზღუდვა სცადა. ამ თვალსაზრისით, მის უფრო მცირე ზომის, სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელს გაცილებით ნაკლები დამცავი მექანიზმი აქვს.  ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი სახეზეა. თუმცა, ყურადღების მიქცევას შესაძლოა კიდევ ერთი უწესო არჩევნები დასჭირდეს. 

წინააღმდეგობრივ საკითხებს (როგორიცაა პოლიტიკური მიმები ან ვაქცინაციები) მიძღვნილი პროფილების რაოდენობა უკვე იზრდება.

ლეო მირანი, ბრიტანეთის უფროსი კორესპონდენტი, The Economist