სამუდამოდ შუახნის ასაკისა

1960-იანი წლები თაობათა ცვლას მიძღვნილი ჰიმნების დიდი ათწლეული იყო. მუსიკალური კომპოზიციები, როგორიცაა ბობ დილანის „მათი ცვლილების დრო“ (The Times They are a-Changin), ჯგუფ The Who-ს „ჩემი თაობა“ (My Generation), ჯგუფ The Doors-ის „ხუთი ერთზე“ (Five to One) არა მხოლოდ უფროსი თაობის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, არამედ მათ ჩანაცვლებას წინასწარმეტყველებდნენ. ამ მხრივ, მუსიკოსების რწმენას, ნაწილობრივ, დემოგრაფია განაპირობებდა. 1965 წელს ამერიკა ახალგაზრდა ქვეყანა იყო. მოსახლეობის საშუალო ასაკი მაშინ 28 წელი იყო და კიდევ უფრო გაახალგაზრდავების ტენდენციაც შეინიშნებოდა. როგორც ჯიმი მორისონი თავის კომპოზიციაში, „ხუთი ერთზე“, ამბობდა: „მათ აქვთ იარაღი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რიცხვები“.   

დრო შეიცვალა. საშუალო ასაკის ამერიკელი ახლა 38 წლისაა. ლათინურამერიკული ფესვების არმქონე თეთრკანიანი ამერიკელი საშუალოდ კიდევ ექვსი წლით უფროსია. მთელ მსოფლიოში იგივე ტენდენცია სწრაფად მკვიდრდება. ზოგი ქვეყანა ძალიან ახალგაზრდულია (ნიგერში საშუალო ასაკი 15 წელია), მაგრამ უმრავლესობაში დაბერება ფიქსირდება. მთლიანობაში, კაცობრიობა საშუალოდ უფრო ასაკოვანია, ვიდრე ამერიკა იყო 1960-იანი წლების შუა ხანებში. 2020 წელს პირველად, საშუალო ადამიანი 30 წელს გადაცილებული იქნება. 

ამ ცვლილებას ორი ფაქტორი განაპირობებს: პირველი − უფრო მნიშვნელოვანი, საერთო დემოგრაფიული დაბერებაა. შობადობის გლობალური მაჩვენებელი იკლებს და სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. შესაბამისად, მოსახლეობაში ასაკოვან ადამიანთა წილი იმატებს. მეორე ფაქტორის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გაეროს მონაცემებით, ადამიანთა განსაკუთრებით დიდმა რაოდენობამ 20 წლის ასაკის ზღურბლი გადალახა და ადრეულ 30-წლიან ასაკში შეაბიჯა. გასულ ათწლეულში, მსოფლიო მოსახლეობის ხუთი ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე სწრაფად მზარდი 30-34 წლის ადამიანები იყვნენ, რომელთა რაოდენობა 506 მილიონიდან 606 მილიონამდე გაიზარდა. ამჟამად, ადრეულ 30-წლიანთა რაოდენობის ზრდის ნახევარზე მეტი ჩინელებზე და ინდოელებზე მოდის. 1980-იან წლებში დაბადებულთა უზარმაზარმა კოჰორტამ საუკუნის დასაწყისში ქალაქებს მიაშურა და აზიის ინდუსტრიულ ზრდას შეუწყო ხელი. ახლა ისინი დაფუძნდნენ და საზრუნავად სასკოლო გადასახადები აქვთ. 

ამ პროცესის შედეგად, მსოფლიოში ენერგიული მუშახელი ნაკლები იქნება. მსოფლიო მოსახლეობა 2020 წელს უმნიშვნელოდ გაიზრდება. ამასთან, აფრიკას თუ არ გავითვალისწინებთ (სადაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ღირსეული სამუშაოს პოვნა არ უჭირთ), ეს მაჩვენებელი შემცირდება. კომპანიების პასუხი საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია იქნება. ორი ამერიკელი ეკონომისტის − დარონ ასემოღლუს და პასკალ რესტრეპოს ნაშრომის მიხედვით, შედარებით ასაკოვანი მუშახელის მქონე ქვეყნები (როგორიცაა გერმანია და იაპონია) უფრო ეყრდნობიან სამრეწველო რობოტებს, ვიდრე ქვეყნები უფრო ახალგაზრდა მოსახლეობით (როგორიცაა აშშ). 

თქვენ ამბობთ, რომ რევოლუცია გინდათ? 

პოლიტიკაც შეიცვლება. საპროტესტო მიტინგების მონაწილეებში და ბარიკადების მშენებლებში ახალგაზრდა და უშვილო მოქალაქეების წილი არაპროპორციულად მაღალია. ქუჩის პროტესტებმა შეიძლება ისეთი ასაკოვანი მოსახლეობის მქონე მთავრობებიც შეარყიოს, როგორიცაა საფრანგეთი და უკრაინა. თუმცა, „ახალგაზრდულ“ ქვეყნებში მსგავსი პროცესი უფრო მძლავრია. 2011 წლის „არაბულ გაზაფხულს“, ნაწილობრივ, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაუსაქმებელი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა უკავშირდებოდა. თუმცა ამ რეგიონის მოსახლეობა ბერდება და ზოგიერთმა ქვეყანამ განსაკუთრებით შფოთიანი წლები უკან მოიტოვა. ირანელთა საშუალო ასაკი ახლა 32 წელია, ტუნისელების − 33 წელი. შესაძლოა, ამ ქვეყნებში ადამიანები ქუჩებში საპროტესტოდ გამოვიდნენ, მაგრამ ჯერ შვილებისათვის ძიძები უნდა გამოძებნონ. 

ამის საპირისპიროდ, განვითარებულ დემოკრატიებში პოლიტიკა შესაძლოა უფრო არასტაბილური გახდეს. ფანატიზმის რეპუტაციის მიუხედავად, დასავლეთის ახალგაზრდობა ხშირად უფრო ზომიერ შეხედულებებს იზიარებს, ვიდრე უფროსი თაობა. კვლევით ორგანიზაცია Pew-ის მონაცემებით, ამერიკელ „მილენიალთა“ 55% საკუთარ თავს პოლიტიკურად ზომიერად ან ცენტრისტად აღიქვამს. თაობა X, „ბეიბი-ბუმერები“, ასაკოვანი „ჩუმი თაობა“ უფრო ექსტრემისტულები არიან და მემარჯვენე შეხედულებებისკენ იხრებიან. 2016 წელს, სწორედ უფროსი თაობის ამომრჩევლებმა, და არა ახალგაზრდებმა, „დამანგრეველი ადამიანი“ თეთრ სახლში დასვეს და ბრიტანეთის კონსტიტუციური წესრიგი ბრექსიტისათვის ხმის მიცემით მოშალეს. 

სავსებით შესაძლებელია, რომ „ჭაღარათა ამბოხი“ გაგრძელდეს. მოსახლეობის დაბერების პროცესის ფონზე, ბიზნესის წარმართვისა და პენსიების გაცემისათვის, ახალგაზრდა მუშახელზე მოთხოვნა გაიზრდება. მათი მოზიდვის ყველაზე ცხადი გზაა იმიგრანტების უფრო მეტი რაოდენობის შეშვება. თუმცა უფროსი თაობის წარმომადგენლები, როგორც წესი, მიგრანტთა მომრავლებას ძალადობრივად ეწინააღმდეგებიან და საკუთარ მთავრობებს ამის დაშვებისათვის დასჯიან. მორისონის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ: მათ აქვთ იარაღი, ისევე, როგორც რიცხვები.

ჯოელ ბადი, სოციალურ საკითხთა რედაქტორი, The Economist