სეპარატიზმის მოსალოდნელი აღზევება

კატალონიიდან ქაშმირამდე, ჰონკონგიდან შოტლანდიამდე, 2020 წელს სეპარატიზმი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, ეს პროცესები პოლიტიკურ ტურბულენტობას და დაძაბულობას აღძრავს. უარეს შემთხვევაში − ძალადობრივ განვითარებას უნდა ველოდოთ. 

მსოფლიოს გარშემო იდენტურობით განსაზღვრული ორი მოძრაობა ერთმანეთს ეჯახება და ასაზრდოებს. ერთი მხრივ, არსებობენ სეპარატისტული მოძრაობები, რომლებსაც ეროვნული სახელმწიფოებისგან გამოყოფა და ახალი ქვეყნების შექმნა სურთ. მეორე მხრივ, ბევრ სახელმწიფოში, აღშფოთებული და აგრესიული ნაციონალიზმი მზად არის სეპარატიზმს დაუპირისპირდეს. 

მსგავსი პროცესი აშკარად თვალშისაცემია ესპანეთში. ესპანური და კატალონიური ნაციონალიზმი ერთმანეთს ასაზრდოებენ და დამღუპველი სიმბიოზური პროცესის ჩამოყალიბებას განაპირობებენ. კატალონიელი ნაციონალისტების მიერ 2017 წელს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა ესპანეთის მთავრობამ უკანონოდ გამოაცხადა. რამდენიმე კატალონიელი ლიდერი მადრიდში გასამართლდა და შედეგად, ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ. ამ პროცესმა კატალონიური ნაციონალური მოძრაობის რადიკალიზაციას შეუწყო ხელი, თუმცა ქვეყნის შესაძლო დაშლის საფრთხის საპასუხოდ, ესპანური ნაციონალიზმიც აღმავლობის გზაზეა. ამას ადასტურებს პოლიტიკურ ასპარეზზე რადიკალურად მემარჯვენე პარტია Vox-ის გამოჩენა, ასევე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების სულ უფრო მკაცრი დამოკიდებულება კატალონიის მიმართ. 

მომავალ წელს, ბრექსიტის საპასუხოდ, შოტლანდიის ნაციონალიზმის გაღვივებასაც უნდა ველოდოთ. ევროკავშირიდან გასვლას შოტლანდიის ნაციონალისტური პარტია მოიხსენიებს, როგორც ინგლისურ ნაციონალისტურ პროექტს, რომელიც შოტლანდიელთა სურვილს არ ითვალისწინებს. 2016 წელს, შოტლანდიელთა აშკარა უმრავლესობამ ხმა ბრექსიტის საწინააღმდეგოდ მისცა. შედეგად, 2020 წელს, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა უფრო აქტიურად გახმოვანდება. 

სეპარატიზმი სულ უფრო მწვავე პრობლემა გახდება მსოფლიოს ორი ყველაზე დასახლებული ქვეყნისათვის − ჩინეთისა და ინდოეთისათვის. ორივე შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი პოლიტიკა საპასუხო აქტივობების საფრთხეს ქმნის და სწორედ იმ სეპარატიზმის გაღვივებას უწყობს ხელს, რომლის მოშთობასაც პეკინი და დელი ლამობენ. 

ჰონკონგელი აქტივისტები ამჯობინებენ თავიანთ თავს უფრო ხშირად „ლოკალისტები“ უწოდონ, ვიდრე დამოუკიდებლობის მომხრეები. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ ჰონკონგის დამოუკიდებლობის ნებისმიერი მოთხოვნა პეკინის მხრიდან სასტიკი რეაქციის პროვოცირებას უწყობს ხელს. თუმცა, განსხვავებული ტერმინოლოგიის გამოყენების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მრავალთვიანმა საზოგადოებრივმა მღელვარებამ ჰონკონგის პოლიტიკური გარემო შეცვალა. ჩინეთის მთავრობა რთულ მდგომარეობაშია. ქვეყნის ლიდერები აცნობიერებენ, რომ ძალადობრივი რეპრესიები, ან თუნდაც, ავტონომიის შეზღუდვის მცდელობები, პეკინსა და ჰონკონგს შორის უფსკრულს გააღრმავებს. ამავე დროს, ჩინეთის მთავრობა ჰონკონგელი დემონსტრანტების მოთხოვნას თუ დათანხმდება და სრულიად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას დაუშვებს, ეს დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების გაძლიერების საწინდარი იქნება. 

ანალოგიური დილემის წინაშე ჩინეთი ტაივანის იანვრის არჩევნებთან დაკავშირებითაც აღმოჩნდება. პეკინის მხრიდან შეჭრის მუქარებმა შესაძლოა დამოუკიდებლობის მომხრე კანდიდატების პოზიციები გაამყაროს, რომლებიც ჩინეთისა და ტაივანის ერთიანობის ეტაპობრივ აღდგენას ეწინააღმდეგებიან. 

ამავე დროს, ჩინეთის შორეულ სინძიანის პროვინციაში მკაცრი რეპრესიები კვლავ მიმდინარეობს. ჩინეთის იდეოლოგიური აღზრდის ბანაკებში მილიონზე მეტი მუსლიმი უიღური მოხვდა. უიღურების სეპარატიზმის პრობლემა პეკინმა შესაძლოა მოკლე ვადით მოაგვარა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ცენტრალური მთავრობის მიმართ უკმაყოფილება პროვინციაში გაიზრდება და დამოუკიდებლობის მოთხოვნა აქტუალური გახდება. 

ბოლო დრომდე რეგიონული ავტონომიების მიმართ ინდოეთის დამოკიდებულება, ჩინეთთან შედარებით, უფრო ლმობიერი ჩანდა. თუმცა, 2019 წელს, მკაცრი ნაციონალისტური შეხედულებების მქონე ნარენდრა მოდის მთავრობამ ხელახალ არჩევნებზე წარმატებას მიაღწია. გამარჯვებიდან მალე, მოდის მთავრობამ ჯამუსა და ქაშმირის რეგიონებს განსაკუთრებული საკონსტიტუციო სტატუსი გაუუქმა. ეს ორად-ორი რეგიონია ინდოეთში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა უმრავლესობას შეადგენს. ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, არუნ ჯაიტლიმ გადაწყვეტილება შემდეგი არგუმენტით გაამართლა: „განსაკუთრებულ სტატუსს სეპარატიზმამდე მივყავართ, ასეთი ვითარების გაგრძელებას არცერთი დინამიკური ერი არ დაუშვებს“. 

ზოგი მკვლევარი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ძალაუფლების დეცენტრალიზაციას რეგიონებში უფრო სეპარატიზმის გაღვივება შეუძლია, ვიდრე ვითარების დამშვიდება. ბოლო ათწლეულებში, შოტლანდიისა და კატალონიის რეგიონული მთავრობების ძალაუფლება გაიზარდა. ამ პროცესმა სეპარატისტული განწყობების, დამოუკიდებლობის მოთხოვნის გაძლიერებას ხელი შეუწყო. თუმცა, განსხვავებული მიდგომების დანერგვის მცდელობები და რეგიონული სენტიმენტების შეზღუდვა, ბევრად ეფექტიანი ძალიან იშვიათად აღმოჩნდება. უფრო პირიქით − ხშირად ასეთი პოლიტიკა საზოგადოებაში ღრმა მწუხარებასა და მწარე მოგონებებს აყალიბებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ნაციონალისტური და დამოუკიდებლობის მოძრაობების სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებენ.

გედეონ რახმანი, საგარეო საქმეთა უფროსი კორესპონდენტი, Financial Times