თუ ფული გაქვთ, შეგიძლიათ გადაადგილდეთ

„მათ ჩვენი დარგის განადგურება სურდათ“, − აღნიშნავს ერთ-ერთი ინსაიდერი. „ისინი“ ევროკავშირის ოფიციალური პირები არიან. „დარგი“ CRBI-სქემებით ვაჭრობას ნიშნავს (მოქალაქეობა და ცხოვრების უფლება, ინვესტიციების მიხედვით − წარმოადგენს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც უცხოეთში განუსაზღვრელი ვადით დარჩენისა და მსოფლიოში განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალებას იძლევა). 2020 წელს ამ ბიზნესის მომავალი კვლავ ბუნდოვანი იქნება, რასაც ევროკავშირის ეჭვიანი, მტრული დამოკიდებულება განაპირობებს. თუმცა, დარგი ზრდას მაინც გააგრძელებს. 

ყოველწლიურად, ათასობით პასპორტი და ასეულ ათასობით საცხოვრებელი ვიზა იყიდება. მსოფლიოს ასამდე ქვეყანა, მნიშვნელოვანი ინვესტიციების სანაცვლოდ, მსურველებს „ოქროს ვიზას“ სთავაზობს, რომელიც შესაბამის ქვეყნებში უცხოელთათვის ცხოვრების უფლებას ითვალისწინებს. ათეული (ან მეტი) სახელმწიფო კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარი პასპორტების გაყიდვას უშვებს, რაც, ფაქტობრივად, მოქალაქეობით ვაჭრობას ნიშნავს. ასეთი ქვეყნების რიგშია კარიბის ხუთი კუნძულოვანი სახელმწიფო, ვანუატუ − სამხრეთ წყნარ ოკეანეთში; იორდანია; ევროკავშირის რამდენიმე წევრი (ბულგარეთი, კვიპროსი და მალტა). ასევე, მსგავსი სქემის ნაკლებად ფორმალური და ძალიან ძვირი ვერსია ავსტრიაში მოქმედებს. ფასები განსხვავებულია − 150 ათასი აშშ დოლარიდან ვანუატუში, 2 მილიონ გირვანქამდე (2,5 მლნ აშშ დოლარი) ბრიტანეთში (ინვესტიციის აუცილებელი მინიმალური მოცულობა „პირველი დონის“ საინვესტიციო ვიზის მისაღებად).   

ამ ბიზნესის მიმართ ევროკავშირის მგრძნობიარე დამოკიდებულება გასაგებია. ეროვნული სუვერენიტეტის კონტექსტში, ძალიან ცოტა საკითხი არსებობს, რომელიც თავისი მნიშვნელობით იმაზე მეტია, ვიდრე ქვეყანაში მცხოვრებთა ვინაობა და მათი საპასპორტო სტატუსი. ასე რომ, ცხადია, ევროკავშირი ევროპული პასპორტებით დაინტერესებულია. ასევე, შენგენის სასაზღვრო ზონაში გაცემული ვიზა მიმღებებს კავშირის ყველა ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს. 

არსებობს ეჭვი, რომ არსებულ სქემებს ბოროტად იყენებენ თაღლითები, ფულის გამთეთრებლები, გადასახადებისგან თავის ამრიდებლები. ეჭვს არაერთი სკანდალი აძლიერებს. 2018 წელს, საბერძნეთში გამოვლინდა თაღლითობა, როცა საცხოვრებელი ვიზების მოხერხებულმა მიმწოდებელმა უძრავი ქონება საბაზრო ფასებში შეისყიდა და დიდი ფასნამატით ჩინელ მიგრანტებზე გაასხვისა (ღირებულება ნაწილობრივ აანაზღაურა). 2019 წელს, ბულგარეთმა მოქალაქეობა რამდენიმე ინვესტორს გაუუქმა, რომლებმაც ოფიციალურ ორგანოებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს ან დაპირებული ინვესტიციების განხორციელება ვერ უზრუნველყვეს (ან ორივე ერთდროულად). 

საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია მნიშვნელოვანია არაწევრი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ანალოგიურ სქემებს ახორციელებენ. მაგალითად, კარიბის პასპორტების მთავარი მიმზიდველობა ისაა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო შესვლას ითვალისწინებს. 2021 წლისთვის დაგეგმილი მოთხოვნაც კი, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე უცხოელებმა წინასწარი ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ (არასასურველი ვიზიტორების გამოვლენის მიზნით), შესაბამისი პასპორტების პოტენციური მყიდველებისთვის შემაკავებელი ფაქტორია. 

თავდაცვის მიზნით, პასპორტებისა და ვიზების ინდუსტრიამ რამდენიმე არგუმენტი წარმოადგინა. პირველი ის არის, რომ სექტორი თავისი მომხმარებლების ყოველმხრივ შემოწმებას ახორციელებს და კრიმინალებისთვის დამატებით ბარიერებს ქმნის. მეორე არგუმენტი ის გახლავთ, რომ ზოგიერთი მცირე ეკონომიკისთვის, ეს საქმიანობა უპროცენტო კაპიტალის სასარგებლო წყაროა. ვანუატუში ეს სახელმწიფო შემოსავლების მთავარი წყარო გახლავთ. ევროკავშირის შემთხვევაშიც კი, კერძოდ მალტაში (საინვესტიციო მიგრაციის არსებული პრაქტიკა აქ ძალიან ახლოსაა მოდელთან, რომელიც „პასპორტები გასაყიდად“ სახელითაა ცნობილი), პასპორტებისა და ვიზების ინდუსტრიას ბოლო პერიოდის დინამიკური ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ. 

დარგის კიდევ ერთი არგუმენტის მიხედვით, უცხოეთში ცხოვრების უფლების მოპოვების სურვილს ქვენა გრძნობები უკიდურესად მცირე შემთხვევებში აღძრავს. უმრავლესობა ამას სამშობლოში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური არეულობის გამო აკეთებს, საკუთარი შვილებისათვის უცხოური განათლებით უზრუნველყოფა სურს, ან უბრალოდ, საზღვრის ხშირ გადაკვეთასთან დაკავშირებული სავიზო/პროცედურული სირთულეები მობეზრდა. გარდა ამისა, საინვესტიციო მიგრანტები მილიონობით სხვა ტიპის მიგრანტთა უმნიშვნელო ნაწილია. 

ევროკავშირის ჩინოვნიკებისთვის არცერთი ეს არგუმენტი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სუვერენული ქვეყნების საპასპორტო/სავიზო რეჟიმებში ჩარევის სირთულე. მართლაც, 2020 წელს დარგის მომსახურებაზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. დიდი ხნის განმავლობაში, ჩინეთი საინვესტიციო მიგრაციის ყველაზე მსხვილი წყაროა, თუმცა სხვა აზიური ქვეყნების, როგორიცაა მაგალითად ბანგლადეში და ვიეტნამი, ხვედრითი წილიც იზრდება − ისევე, როგორც სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების შემთხვევაში. როგორც დარგის წარმომადგენელი ამბობს, ევროკავშირმა „კბილების კრაჭუნით“ აღიარა, რომ ეს ბიზნესი არ გაქრება.

საიმონ ლონგი, ციფრული ტექნოლოგიების რედაქტორის მოადგილე, The Economist