წინდაუხედავი შორსმჭვრეტელობა

ერთი წლის წინ, ლონდონის ოფისის დერეფანში დამწუხრებული სახით მოსიარულე ჩვენი Bagehot-ის მესვეტე ჩიოდა, რომ ბრექსიტის თაობაზე რაიმე გონივრული პროგნოზის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო. ამავე დროს, „მსოფლიო 2019 წელს“ გამოცემის მკითხველებს ხედვა სჭირდებოდათ და მან, უხალისოდ, ქვეყნის ქაოსისა და პარალიზებიდან მომდინარე სამი კატასტროფული სცენარი წარმოადგინა: ბრექსიტი შეთანხმების გარეშე, საზოგადოებაში გათიშულობის გამომწვევი მეორე რეფერენდუმი ან რადიკალური-მემარცხენე ძალების წინ წამოწევა. ჩვენი ბრიტანეთის რედაქტორმა ცალკე სტატიაში იწინასწარმეტყველა, რომ ბრექსიტით კმაყოფილი არავინ იქნებოდა. ჯერჯერობით, ყველაფერი ასე ვითარდება, თუმცა ჩვენი ძირითადი პროგნოზი (რომ ბრიტანეთი ევროკავშირს წინასწარი გეგმის თანახმად, 31 მარტს დატოვებდა) არ გამართლდა. 

ბრექსიტი ერთადერთი დიდი საკითხი არ ყოფილა, რომელზეც ჩვენი პროგნოზები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. რაც შეეხება ეკონომიკას, ძირითადი მიმართულების შესახებ ჩვენი პროგნოზი სოლიდური იყო. სწორად ვივარაუდეთ, რომ ამერიკა სარეკორდო ვადით უწყვეტ ზრდას გააგრძელებდა, მაგრამ მოსალოდნელი რეცესიის შიშებიც გაიზრდებოდა. თუმცა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის თაობაზე შევცდით − ვვარაუდობდით, რომ ინდოეთის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდებოდა, მაგრამ სინამდვილეში, პირიქით მოხდა. 

პროგნოზების შედეგების შეფასება ისე მარტივი არ არის, როგორც შეიძლება გეგონოთ. ავიღოთ გასული წლის გამოცემის შესავალ ნაწილში მოცემული რამდენიმე მოსალოდნელი ტენდენცია. ბევრი მოვლენა ისე განვითარდა, როგორც ჩვენ ვივარაუდეთ, თუმცა ეს ტრიუმფად ნაკლებად ჩაითვლება, რადგან ზოგი პროგნოზი წინასწარ საიუბილეო ღონისძიებებს უკავშირდებოდა (როგორიც იყო ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავი − ჩვენი ყდის ინსპირაციის წყარო), ან ყველასთვის ცხად, მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებს აღწერდა (პრეზიდენტ ტრამპსა და დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფ კონგრესს შორის დაპირისპირების გარდაუვალი ესკალაცია). ვერ გამოვიცანით მნიშვნელოვანი შოკები, როგორიც იყო ჰონკონგის მასობრივი პროტესტები და სამხედრო შეტევა საუდის არაბეთის ნავთობის საწარმოებზე. 

საბოლოო ჯამში, ჩვენს პროგნოზებთან დაკავშირებული ვერდიქტი, ისევე, როგორც მათი მნიშვნელობის შეფასება, სუბიექტური იქნება. დავუშვათ, რომ ეს შეჯიბრი იყო. ვინ დაიმსახურა ჯილდო? 

ოქროს მედლის ადრეული პრეტენდენტი იყო პროგნოზი რამდენიმე მსხვილი ევროპული ბანკის შერწყმის თაობაზე. ნამდვილად, სულ მალე, გერმანიის უმსხვილესმა საფინანსო ორგანიზაციებმა − Deutsche Bank-მა და Commerzbank-მა განაცხადეს, რომ გაერთიანებას გეგმავენ. Commerzbank-ის მიმართ ინტერესი იტალიის უმსხვილესმა ბანკმა UniCredit-მაც გამოხატა. თუმცა, „საქორწინო საკურთხევლამდე“ ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. ასე რომ, პროგნოზის ავტორმა, ჩვენმა კორესპონდენტმა, მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 

ვერცხლის მედალი ჩინეთის განყოფილების კორესპონდენტებმა მიიღეს. რთული წლის წინასწარ განჭვრეტაში მათ მესამეადგილოსანს აჯობეს. კერძოდ, სტატიაში „უნდობლობის დიდი კედელი“, აღწერილი ჩინეთ-ამერიკის მოსალოდნელი დაპირისპირება (რომელიც ვაჭრობის სფეროს სცილდებოდა) აბსოლუტური სიმართლე აღმოჩნდა. 

დაბოლოს − ოქრო? ეს ჯილდო დაიმსახურა პროგნოზმა, რომ 2019 „ვეგანების წელი“ გახდებოდა. ტრენდის გამოცნობა გამართლებაზეა, მაგრამ ეს მიზანში ზუსტი გარტყმა იყო.

დენიელ ფრანკლინი, რედაქტორი, „მსოფლიო 2020 წელს“