დანიშნულების პუნქტის ცვლილება

2015 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების რეკორდულად დიდმა რაოდენობამ არალეგალურად შეაღწია. ისინი ძალადობასა და სიღარიბეს გაექცნენ. ხუთი წლის თავზე, სურათი განსხვავებულად გამოიყურება. შეუძლებელია იცოდეთ, რამდენი მიგრანტი იქნება 2020 წელს, მაგრამ ბევრად ადვილია წინასწარ განსაზღვროთ, სად დასრულდება მათი მოგზაურობა. ამერიკამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრეს. შესაბამისად, მსურველების რაოდენობასთან შედარებით, ბევრად ნაკლები მიგრანტი მოახერხებს ამ ქვეყნებში შეღწევას. სანაცვლოდ, მიგრანტთა დიდი რაოდენობა მდიდარი სამყაროს მიმდებარე (მაგ. თურქეთი, ეგვიპტე) ან უფრო შორეულ ქვეყნებში აღმოჩნდება. 

თუმცა მხედველობის მიღმა მყოფი მიგრანტები ყურადღების მიღმა არ იქნებიან. გასული ხუთი წლის განმავლობაში, ღარიბ ქვეყნებში მოქალაქეების დარჩენის ხელშეწყობისათვის ევროკავშირმა 50-ჯერ მეტი თანხის გამოყოფის ვალდებულება აიღო, ვიდრე საკუთარი საზღვრების გასამაგრებლად. მომავალ წელს, მსგავსი პროგრამების რაოდენობა და მოცულობა გაიზრდება. 

ღარიბი ქვეყნები დაფინანსებისა და მიგრანტების მიღებაზე თანხმობას განაცხადებენ, თუმცა მათი შეშფოთება სულ უფრო მზარდი იქნება, ვინაიდან მიგრაციის პროცესს აქაც იგივე შიდა დაძაბულობა უკავშირდება, როგორც მდიდარ ქვეყნებშია. სამუშაო ადგილების უკმარისობით და სოციალური ცვლილებებით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილება მიგრანტებისკენ მიემართება. ზოგ ქვეყანაში, პოლიტიკოსები მათი გაძევების აუცილებლობაზე ისაუბრებენ. 

ეგრეთ წოდებული მიგრაციით „გადაღლილობის“ გადატანის შემდეგ, 2020 წელს, მდიდარი სამყარო, გარკვეულწილად, სხვა აქტუალურ თემებზე გადაერთვება. თუმცა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში წნეხი კვლავ მზარდი იქნება.

ნაომი კოენი, რედაქტორის ასისტენტი, „მსოფლიო 2020 წელს“