ბიომრავალფეროვნება და ჩართულობა

თუ კლიმატის ცვლილების შეფერხების ეფექტური საერთაშორისო ხელშეკრულება დამრღვევთათვის საკმარისად მკაცრი არ იყო, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის (CBD) წინაშე მდგარი გამოწვევის მასშტაბები უნდა ნახოთ: ბიოლოგიური, ეკოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვა, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას უზრუნველყოფს. პროგრესი ნელი იყო ან საერთოდ არ შეინიშნებოდა. ამ ვითარების შეცვლას მთავრობები 2020 წლის ოქტომბერში ჩინეთის ქალაქ კუნმინში გამართულ სამიტზე შეეცდებიან. 

CBD, კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო-კონვენციასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციასთან ერთად, 1992 წლის რიოს დედამიწის სამიტზე გაფორმდა. ეს ტრიო ერთობლიობაში მიზნად მდგრადი განვითარების ყოვლისმომცველი სტრატეგიის მხარდაჭერას ისახავდა. 

ბოლო წლებში, კლიმატის საკითხმა ცენტრალური მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ეკოლოგებისათვის ბიომრავალფეროვნება არანაკლებ კრიტიკულია. ადამიანთა არსებობა, მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებას, როგორც საკვების წყაროს, ემყარება. ბიომრავალფეროვნება ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვისათვის, ვინაიდან მედიკამენტების შემუშავებისას შთაგონებას ბუნებრივ პირობებში აღმოჩენილი მოლეკულები იძლევიან. კიდევ ერთი ასპექტია არსებობისათვის აუცილებელი ისეთი ელემენტი, როგორიცაა სუფთა წყალი. მაგალითად, ოკეანეებში გავრცელებული მოლუსკები ტოქსიკური ნარჩენების გაუვნებელყოფას უწყობენ ხელს, ისევე. როგორც პლანქტონი − საწვიმარი ღრუბლების ფორმირებას. თუმცა, თანამედროვე ცივილიზაცია პრაქტიკულად ნებისმიერ ეკოსისტემას ხელყოფს. 

2010 წელს, თითქმის ორი ათწლეულის განხილვის შემდეგ, კონვენციის მონაწილე 196-მა ქვეყანამ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის 20 მიზანი მიიღო. მათ „აიჩის მიზნებს“ უწოდებენ. სწორედ ამ იაპონურ პროვინციაში მოხდა მიზნების საბოლოო სახით ჩამოყალიბება. რბილად რომ ვთქვათ, ეს მიზნები მეტად ამბიციური იყო. შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი სრულყოფილი მომავლის აღწერას წააგავს, სადაც ყოველი ადამიანი ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას აცნობიერებს, ყოველი მთავრობა პოლიტიკას ამ მიზნების შესაბამისად წარმართავს, მანკიერი სუბსიდიები არ დაიშვება, თევზჭერა თვითკმარია და გარემოს დაბინძურება კონტროლს ექვემდებარება. ამ უტოპიის მიღწევის სამიზნე წლად 2020 განისაზღვრა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, 2019 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ ბიომრავალფეროვნების შესახებ მთავრობათაშორის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აიჩის მიზნებთან“ დაკავშირებული პროგრესი უმნიშვნელოა. სინამდვილეში, სახეობების გადაშენების ტემპი იზრდება. 

უღიმღამო რეალობის მიუხედავად, კონსერვაციონისტები იმედოვნებენ, რომ 2020 წელს ახალი დასაწყისი იქნება. ისინი „ბიომრავალფეროვნებისათვის პარიზის მსგავს მომენტს“ ელოდებიან. ამ ანალოგიაში იგულისხმება 2015 წლის პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ. ოპტიმისტების მოლოდინით, კუნმინში, კონვენციის 196 მონაწილე ქვეყანა ახალ, უფრო რეალისტურ ჩარჩო-მიზნებს განსაზღვრავს. 

უკვე არსებობს განცდა, რომ ნებისმიერი ახალი მიზანი უფრო რაოდენობრივი და, სასურველია, მიღწევადი უნდა იყოს. მიზნები უნდა მოიცავდეს სიმბოლურ და მარტივად აღსაქმელ რაოდენობრივ პარამეტრს, როგორიცაა კლიმატის ცვლილების შეზღუდვა 1.5- 2 გრადუსამდე ცელსიუსით. ამასთან, ამ ახალმა მიზნებმა მსოფლიო ყურადღება კლიმატის საკითხის ანალოგიურად უნდა მიიპყრონ. „ტენდენციის შებრუნების“ კონცეფციამ შესაძლოა ასეთი რიცხვის განსაზღვრას ხელი შეუწყოს: გაისმის მოწოდებები, რომ 2030 წლამდე ბიომრავალფეროვნების შემცირების ტენდენცია შეწყდეს, ხოლო 2050 წლის მიზნად აღდგენა განისაზღვროს. ჯერ კიდევ ღია საკითხია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს და შეფასდეს ეს შემცირება (როგორც სახეობათა რაოდენობა, თუ ეკოსისტემის ან გენეტიკური ჯანმრთელობის გარკვეული პარამეტრები). 

უფრო მნიშვნელოვანი საკითხი შემდეგში მდგომარეობს: თუ როგორ უნდა მოხდეს ბიომრავალფეროვნების თემის ინტეგრირება კლიმატის, გაუდაბნოების, ტყეების, ჭაობების და გადაშენების პირას მყოფი სახეობებით ვაჭრობის საკითხებთან. კუნმინის სამიტზე, ბიომრავალფეროვნების განხილვიდან ერთი თვის შემდეგ, მთავრობათა წარმომადგენლები, კლიმატზე მსჯელობის შემდეგი რაუნდის გამართვის მიზნით, გლაზგოში შეიკრიბებიან (იხილეთ ჩანართი). ბიომრავალფეროვნების დეგრადაციაზე გლობალური ემისიების 23% მოდის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ორი საკითხის (როგორც მინიმუმ) ერთი ეგიდით განხილვა უფრო პროდუქტიული იქნებოდა.

კეტრინ ბრაჰიჩი, გარემოს დაცვის რედაქტორი, The Economist