დაპირებები, და ისევ დაპირებები

„ეს პატარა ჩაქუჩია, მაგრამ ვფიქრობ, მას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია“, − განაცხადა ლორან ფაბიუსმა, 2015 წლის 12 დეკემბრის დილით. რამდენიმე წუთით ადრე, კლიმატის ცვლილების თაობაზე პარიზის შეთანხმების მიღება საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაქუჩის დარტყმით დაადასტურა. გარკვეულწილად, ეს გამორჩეული მომენტი იყო. 1997 წლის კიოტოს პროტოკოლის შემდეგ, კლიმატის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება პირველად შედგა. პირველად ისტორიაში, შეთანხმება მოიცავდა როგორც მდიდარი, ისე განვითარებადი ქვეყნების ვალდებულებებს. 

თუმცა, გარკვეულწილად ეს უკანდახევაც იყო. შეთანხმების ტექსტი მოიცავდა კოლექტიურ პასუხისმგებლობას, გლობალური დათბობა წინაინდუსტრიული ეპოქის ტემპერატურებთან შედარებით 1.5-2 გრადუსი ცელსიუსით შეეზღუდათ. ამავე დროს, სათბური გაზების ემისიის შემცირების ნაციონალური ვალდებულებების ჯამური მაჩვენებელი ამ ამბიციას არ შეესაბამებოდა. მთლიანობაში, მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ვალდებულებას აღიარებს, მაგრამ პრაქტიკაში, არცერთი სახელმწიფო დაპირებების რეალობად ქცევის სათანადო მისწრაფებას არ აჩვენებს. 

ამ წინააღმდეგობის გაცნობიერებით, პარიზის შეთანხმების სულისჩამდგმელებმა შეიმუშავეს მექანიზმი, რომელიც მთავრობებს კლიმატის ახალი ეროვნული მიზნების გამოცხადებაში ხელს შეუწყობს (ცნობილია, როგორც „ნაციონალურ დონეებზე განსაზღვრული კონტრიბუცია“, ანუ NDC). ყოველი ახალი NDC წინამორბედს უნდა აღემატებოდეს. მათი პირველი განახლება 2020 წელს, გაეროს კლიმატის განხილვის 26-ე რაუნდზე (cop26) უნდა მოხდეს, რომელიც ნოემბერში, გლაზგოში გაიმართება. 

2019 წელს, ნიუ იორკში გამართული კლიმატის სამოქმედო სამიტი ამ პროცესის დაჩქარების მიზანს ემსახურებოდა. NDC-ების 2020 წლისათვის განახლების თაობაზე თავიანთი გეგმების შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით 81-მა ქვეყანამ განაცხადა (ძირითადად, მცირე ზომის დამბინძურებლები აფრიკის კონტინენტიდან). ჯამში, მათზე გლობალური ემისიების 18,1% მოდის. რაც შეეხება ემისიის მსხვილ წყაროებს − ავსტრალიას, ბრაზილიას, კანადასა და იაპონიას, თავიანთი გეგმების შესახებ არ განუცხადებიათ. ნებისმიერი გლობალური კლიმატური შეთანხმების წარმატებისათვის, მათი კონტრიბუცია გადამწყვეტია. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა ნიუ იორკის სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ამბიციურ, გრძელვადიან სტრატეგიას 2020 წელს წარადგენდა. თუმცა, 2050 წლისათვის ემისიების ნულოვანი დონის მიღწევის ადრეული მცდელობები ჩეხეთის რეპუბლიკამ, ესტონეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა დაბლოკეს. 

ასევე გადამწყვეტია ჩინეთის ვალდებულება, რომელზეც, 2017 წელს გლობალური ემისიების დაახლოებით 27% მოდიოდა. ამერიკის პირველი ნაბიჯის გარეშე, რაიმე დაპირების გაცემის სურვილი პეკინს არ ჰქონდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, ჩინეთის პოზიცია შერბილდა. კლიმატის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ზემოქმედება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ცალსახად მოხსნა, თუმცა საფრანგეთი-ჩინეთის 2019 წლის ივნისის ერთობლივი განცხადების მიხედვით, სი ძინპინის მთავრობა პარიზის პროცესისადმი ერთგულებას ინარჩუნებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, ჩინეთში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაელოდებიან − დონალდ ტრამპის მმართველობის მორიგი ოთხი წელი თუ ძლიერი ეკოლოგიური პოლიტიკის გამტარებელი დემოკრატიული ადმინისტრაცია. ბატონმა ტრამპმა ამერიკის პარიზის შეთანხმებიდან გასვლის პირობა დადო. ყველაზე ადრე მას ეს 2020 წლის ნოემბერში შეუძლია. თუმცა, ახლად არჩეული დემოკრატი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ქვეყანას ამ პროცესში მალევე დააბრუნებს. 

ყველა ამ მანევრის ფონზე, არის სამეცნიერო შეფასება, რომ გლობალურმა ემისიის დონემ პიკს 2020 წელს უნდა მიაღწიოს, რათა 1.5-გრადუსიანი მიზნის მიღწევის შესაძლოთაგან საუკეთესო შანსი შენარჩუნდეს. ეს სასწაული იქნებოდა. ემისიები ყოველწლიურად დაახლოებით 1,5%-ით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში შემცირება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს. 

კეტრინ ბრაჰიჩი, გარემოს დაცვის რედაქტორი, The Economist