მიუწვდომელი ნაყოფი

„ უკიდურესი სიღარიბის გამო, ყოველდღიურად, ოცდაათი ათასი ბავშვი იღუპება“, − ამბობს ლოურენსი, დემორალიზებული საჯარო მოხელე ფილმიდან „გოგონა კაფეში“. სატელევიზიო დრამა ეკრანებზე 2005 წელს, რვა დიდი ქვეყნის სამიტის დაწყებამდე გამოვიდა. ფილმი მთლიანად მოგონილი ამბავია, მაგრამ არა ეს შიშისმომგვრელი სტატისტიკა. იგი 2000-იან წლებში ხუთი წლის ასაკამდე ბავშვთა გარდაცვალების ფაქტიურ მონაცემებს ეყრდნობა. ამავე ფილმში, ლოურენსის მეგობარი გოგონა სამიტის მონაწილეებს ვახშამს ჩაუმწარებს, როდესაც ყოველ სამ წამში ერთხელ თითებს ატკაცუნებს და ამით მორიგი ბავშვის დაღუპვას აღნიშნავს. სავარაუდოდ, ამ ბავშვების გადარჩენა შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს ხელეწიფებოდათ. 

ხუთი წლის წინ მსოფლიო ლიდერებმა პირობა დადეს, რომ სიკვდილიანობის ამ ნაწილს, რომლის პრევენცია შესაძლებელია, 2030 წლისთვის შეაჩერებდნენ. ეს მისწრაფება 169 მიზანში გაიწერა, რომლებიც 17 ფართო კატეგორიად დაჯგუფდა და „მდგრადი განვითარების მიზნები“ ეწოდა. 

გლობალურ დონეზე ამ მიზნებიდან მხოლოდ რამდენიმე თუ ჩაითვლება მიღწეულად. ეს ვინმესთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რადგან მიზნები უფრო სასურველობის პრინციპით შეირჩა. მათი ერთობლიობა უფრო მწუხარე გოდებას წააგავს და არა ზუსტად განსაზღვრულ საბრძოლო გეგმას. 

უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი არ უარესდება. სიღარიბის დონე ეცემა. „მსოფლიო სიღარიბის საათის“ მიხედვით, დაახლოებით ყოველ ორ წამში, ვიღაც უკიდურესი გაჭირვებიდან თავს აღწევს. სუფთა წყალთან, ელექტროენერგიასთან, ზოგიერთი ტიპის უმაღლეს განათლებასთან და სმარტფონების ქსელთან წვდომა სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს. ბავშვთა ქორწინების შემთხვევები მცირდება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ის, რაც უმჯობესდებოდა, ახლა უარესდება. 2015 წლამდე, შიმშილიანობის ძირითადი საზომი ათწლეულის განმავლობაში მცირდებოდა. მას შემდეგ, შიმშილის დონე გაიზარდა. 2010-2015 წლების პერიოდში, მალარიის შემთხვევები იკლებდა, მაგრამ უკანასკნელ წლებში, ეს მაჩვენებელი გაიზარდა. დაავადების ამჟამინდელ მსხვერპლთა 36% მხოლოდ ორ ქვეყანაზე − ნიგერიასა და კონგოზე მოდის. ამავე ქვეყნებში, მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის 26% ცხოვრობს. 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მიუწვდომელი ხილის ნაყოფის მოპოვების მცდელობებს ემსგავსება. 

მსოფლიოს პრობლემების სიმძიმის მიუხედავად, ბოლო მიზანი, რომელიც დახმარების დონორი ქვეყნების ეროვნული შემოსავლის 0,7%-მდე გაზრდას გულისხმობს, ასევე მიუღწეველი იქნება. ეს მაჩვენებელი კვლავ დონორთა ჯამური შემოსავლის დაახლოებით 0,3%-ია. ამ მხრივ, მომდევნო ათწლეულში მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. ბოლოსდაბოლოს, 0.7%-იანი ვალდებულება პირველად 1970 წელს იქნა მიღებული. 

და კვლავ „გოგონა კაფეში“. ლოურენსი მოწყენილად წინასწარმეტყველებს, რომ მსოფლიო ლიდერები „აუცილებელი საჭიროების ნახევარს“ გაიღებენ. ასე რომ, ყოველდღიურად, „მხოლოდ“ 15 ათასი ბავშვი დაიღუპება. ფილმის ეს ნაწილი რეალობაში ახდა: გაეროს მონაცემებით, 2018 წელს ხუთ წლამდე ასაკის 5,3 მილიონი ბავშვი გარდაიცვალა. ეს 14 600-ია დღეში, ანუ თითების ტკაცუნი ყოველ ექვს წამში... 

საიმონ კოქსი, განვითარებადი ბაზრების რედაქტორი, The Economist, ჰონკონგი