კვების წესი კაცობრიობის გადასარჩენად

როდესაც ბავშვი ვიყავი, ოჯახის წევრები სასადილო მაგიდას ყოველთვის ერთად მივუსხდებოდით. ჩემი რჩეული კერძი უმარტივესთა შორის იყო: „სპაგეტი პომოდორო“ − პასტა პომიდორის სოუსში. ჩვენ ახალ ხილსა და ბოსტნეულს მივირთმევდით. თინეიჯერობის ასაკიდან, ჭიქა წითელ ღვინოსაც გეახლებოდით. ჩვენ საკვებს ერთად მივირთმევდით. პროშუტოს რამდენიმე ნაჭრით ვისიამოვნებდი და სუფთა ჰაერზე სხვადასხვა სპორტული აქტივობით ვკავდებოდი. ამ საუკუნოვანი, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის დიეტის წყალობით, სპორტული ფორმა და მხნეობა შევინარჩუნე. მსგავსი კვებითი ჩვევა სასარგებლო აღმოჩნდა არა მარტო ჩემი პერსონალური კეთილდღეობისთვის, არამედ პლანეტის სიჯანსაღისთვისაც. 

2020 წელს, იუნესკოს მიერ ხმელთაშუა ზღვის ამ კვებითი დიეტის „კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის“ არამატერიალურ ძეგლად აღიარების მეათე წლისთავს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, იტალიელებმა ტრადიციული, ჯანსაღი კვების ტრადიციას ზურგი აქციეს. ჩვენ სწრაფი კვების პროდუქტების ხშირი მოხმარება დავიწყეთ და პორციების ზომებიც გავზარდეთ. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, სოციალური კვების პრაქტიკას სულ უფრო ნაკლები იტალიელი ეწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 30 ქვეყნის ბოლოდროინდელი გამოკვლევის მიხედვით, იტალიელი ბავშვები ყველაზე ჭარბწონიანებს შორის აღმოჩნდნენ. 

არასწორი კვება გლობალური პრობლემაა და არა მხოლოდ იტალიური. იტალიაში მისი არსებობა (მიწაზე, სადაც ხმელთაშუა ზღვის დიეტა წარმოიშვა) საშიში პარადოქსია − ერთ-ერთი მრავალთაგანი, რომელიც მსოფლიოში საკვების პრობლემას წარმოშობს. წლების განმავლობაში შემცირების შემდეგ, შიმშილის დონე კვლავ იზრდება. მსოფლიოში, 821 მილიონი ადამიანი საკმარისად ვერ იკვებება. თუმცა მაშინ, როცა ღარიბ სამხრეთში შიმშილობენ, მდიდარ ჩრდილოეთში ჭარბად იკვებებიან. დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს ჭარბწონიანობის ან ცხიმის დაგროვების პრობლემა აწუხებს. სურსათის გლობალური წარმოების მესამედი ნარჩენებია. მეცხოველეობა მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით ორ მესამედს მოიცავს. ამ დარგზე აგრარული სექტორის სათბური გაზების ჯამური ემისიის ნახევარი მოდის. 

მენიუს სხვა თვალით შევხედოთ 

ჩვენი კვების წესის ცვლილების გარეშე, ეს დამღუპველი ციკლი გაუარესდება. მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 2.3 მილიარდით მოიმატებს, რაც ხორცის პროდუქტებზე მოთხოვნასაც გაზრდის. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გლობალური კვებითი სისტემა ორიენტირებულია მეტი ადამიანისთვის მეტი საკვების წარმოებაზე. ამავე დროს, ნარჩენების მოცულობა უზარმაზარია. პარადიგმა უნდა შეიცვალოს. წარმოება კონცენტრირებული უნდა იყოს მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანის გაუმჯობესებაზე, უფრო ნოყიერი საკვების მიწოდებაზე. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შედეგებმა, შესაძლოა გზა გვიჩვენოს. ეს მიზნები ითვალისწინებს „შიმშილის დასრულებას, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას, კვების გაუმჯობესებას და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას“. 

აღნიშნული მიზნები ამბიციურია, მაგრამ მიღწევადი. მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, ნარჩენების დონის შესამცირებლად და კვებითი გამოწვევების საპასუხოდ, მთავრობებმა შესაბამისი ინიციატივები უნდა წარმოადგინონ. მხოლოდ არაჯანსაღი საკვების დამატებით დაბეგვრა აქ არ იგულისხმება. საჭიროა უფრო ეფექტიანი პოლიტიკა ჯანსაღი საკვების წარმოებისათვის, მათ შორის − მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი და ფერმერთათვის მომგებიანი ხილისა და ბოსტნეულისთვის. 

კომპანიები ახლომხედველები არ უნდა იყვნენ.  მათ მდგრადობის ხელშემწყობ კანონმდებლობას უნდა დაუჭირონ მხარი. Barilla-ში, ფერმერებთან გავერთიანდით, რათა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნედლეულით უზრუნველყოფა შევძლოთ − პასტას წარმოებისათვის აუცილებელი მაგარი ხორბალი. საერთო ძალებით, ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარ თესლბრუნვის სიბრძნეს თანამედროვე ინსტრუმენტებს ვუხამებთ (როგორიცაა მოწინავე მეტეოროლოგიური პროგნოზი). ფერმერები სასუქებს უფრო ეფექტიანად იყენებენ და საწარმოო დანახარჯებს ამცირებენ, ხოლო Barilla უკეთესი ხარისხის ნედლეულს იღებს. ასევე, ჩვენი „სურსათისა და კვების ბარილას ცენტრი“, მდგრადი კვებითი დიეტების წასახალისებლად, იტალიის განათლების სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ძალიან ხშირად, სურსათის მდგრადობის შეტყობინება წარმოდგენილია, როგორც სადამსჯელო, ციხესთან დაკავშირებული საკითხი. სურსათი კვლავ ფერადოვანი და მადისაღმძვრელი უნდა იყოს. ჩვენ კარგი საკვების ერთად მირთმევის სიამოვნება უნდა დავიბრუნოთ. იუნესკოს მიერ აღიარების საიუბილეო აღნიშვნების ფარგლებში, 2020 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან დაკავშირებული ხუთი ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს. ეს ღონისძიებები ისტორიულ, კულტურულ, გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს მოიცავენ. შესაბამისად, ჩემი მშობლიური ქალაქი პარმა, რომელიც განთქმულია თავისი ყველითა და ლორით, იტალიის 2020 წლის კულტურის დედაქალაქად დასახელდა. ქალაქი საქვეყნოდ ცნობილია თავისი ხელოვნებით, არქიტექტურით და მუზეუმებით, მაგრამ სადღესასწაულო ღონისძიებების ცენტრში სურსათი მოექცევა. 

ჩვენ კვების წესი უნდა შევცვალოთ. Barilla-ს ფონდმა სურსათისა და გარემოს პირამიდა შეიმუშავა. იგი ხაზს უსვამს მჭიდრო კავშირებს სურსათის კვებით ღირებულებასა და გარემოზე გავლენას შორის. ეს „ორმაგი პირამიდა“ ჩემი ბავშვობის ტრადიციულ, ხმელთაშუა ზღვის დიეტას ეფუძნება. იგი მოიცავდა ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს და იშვიათად, ხორცის პროდუქტებს. ყველაფერი გემრიელი იყო. საკვებს ნელ-ნელა მივირთმევდით. ჩვენ ვვარჯიშობდით. სასადილო მაგიდასთან დროსტარების გაგრძელება ყველას შეეძლო და ასეც აკეთებდნენ. და ეს ყველაფერი საკვების მოხმარებასთან ერთად, რომელიც სასარგებლო იყო ჩვენი ჯანმრთელობისათვის და ჩვენი პლანეტისათვის.

გუიდო ბარილა, Barilla-ს ჯგუფის და „სურსათისა და კვების ბარილას ცენტრის“ ხელმძღვანელი.